ახალი სერვისებით სარგებლობა დღეიდან იუსტიციის სახლის 124-ვე ფილიალსა და მობილურ იუსტიციის სახლებშია შესაძლებელი.
იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია და სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანია თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში ახლადდანერგილი სერვისების გაცემის პროცესს ადგილზე დააკვირდნენ.
პროექტის შედეგად მნიშვნელოვნად გამარტივდება „საქართველოს მელიორაციის“ სერვისების მიღების პროცესი, მომსახურების არეალი კი, ქვეყნის მთელ ტერიტორიას დაფარავს.
მომხმარებელს, იუსტიციის სახლის მეშვეობით, შესაძლებლობა აქვს, განაცხადით მიმართოს შპს „საქართველოს მელიორაციას“ და მოითხოვოს: აბონენტად რეგისტრაცია; დარიცხვის გადამოწმება; პირადი ინფორმაცია ბრუნვის ისტორიიდან; დავალიანების გადანაწილება; მომარაგების ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმება; მომარაგების ხშირი წყვეტის შესახებ ინფორმირება; აღრიცხვის ხელსაწყოების ადგილზე შემოწმება; მომარაგების შეწყვეტა ან აღდგენა.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სახლში ენერგოსექტორში მოქმედი 30-მდე კომპანიის სერვისებია ხელმისაწვდომი.