საქართველოს კანონი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ“, ქვეყნის დემოკრატიისთვის სერიოზულ უკუსვლას წარმოადგენს. - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

 “მაუწყებლობის შესახებ“ და „გრანტების შესახებ“ ბოლოდროინდელ კანონებთან ერთად, ამ კანონის მიღება საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთი აგრესიული ქმედებაა, განსხვავებული აზრის ჩასახშობად, ასევე, თავისუფლების შესაზღუდად და აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის სამოქმედო სივრცის კიდევ უფრო მეტად შესავიწროებლად. ეს რეპრესიული ზომები საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიული საფუძვლების არსებობის გაგრძელებას და მოქალაქეების მომავალს თავისუფალ და ღია საზოგადოებაში. 

2024 წლის ივნისისა და ოქტომბრის გადაწყვეტილებებში ევროპულმა საბჭომ დაადგინა, რომ ასეთი მოქმედების კურსი საფრთხეს უქმნიდა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას. გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერდა.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს მისი მოქალაქეების მკაფიო მოთხოვნები დემოკრატიისა და ევროპული მომავლის შესახებ და გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტი, აქტივისტი, საპროტესტო აქციების მონაწილე და პოლიტიკური ლიდერი. ევროკავშირი მზადაა განიხილოს საქართველოს დაბრუნება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თუკი ხელისუფლება დემოკრატიული უკუსვლის საპირისპირო სარწმუნო ნაბიჯებს გადადგამს. პასუხისმგებლობა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება. - ნათქვამია განცხადებაში.