დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დანაშაულის გამოვლენაც და გამოძიებაც არის შესაბამისი უწყებების მოვალეობა. ამის შესახებ მან მედიასთან თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოსთან დაკავშირებით მიმდინარე საგამოძიებო პროცესის თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.
კითხვაზე, არის თუ არა თავად პასუხისმგებელი მომხდართან დაკავშირებით, კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერი საგამოძიებო უწყების თანამშრომელი ვერ იქნება.
„ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები. მე პასუხისმგებელი ვარ საკუთარ თავზე. დედაქალაქის მერი საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელი ან თანამშრომელი ვერ იქნება. არსებობს შესაბამისი სამსახურები, რომელმაც დანაშაული უნდა გამოავლინოს, პრევენციული ღონისძიებები ჩაატაროს. თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.




