„არავის საქმე არ არის, საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერაა არჩეული, რა კანონებს მიიღებს - არც ევროპის ზოგიერთი წარმომადგენლის და არც თანამდებობის პირების,“- ასე გამოეხმაურა დღეს თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან საუბრისას, ლიეტუვის საგარეო
საქმეთა მინისტრის, კიასტუტის ბუდრისის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

მისი თქმით, არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში.

„ყველაფერი გასაგებია, თუ როგორ მოქმედებს ბოროტი ძალა - ზოგიერთი ე.წ. ბიუროკრატი, რა არის მათი მთავარი მიზანი და ამოცანა საქართველოსთან მიმართებით. საქართველო ვერ დაიმონეს, ვერ გამოიყენეს მათი ინტერესების გასატარებლად, როგორც ეს უკრაინასთან მიმართებით მოხდა. ბევრჯერ გვითქვამს, რომ „უკრაინიზაცია“ არ მოხდება ჩვენს ქვეყანაში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და მისი ინტერესები. რა თქმა უნდა, გამწარებულები არიან, რომ ჩვენი ქვეყანა ვერ გამოიყენეს. იმიტომაც კეთდება მსგავსი
განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით. ვინ ეკითხება ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩაერიოს და შემოვიდეს მსჯელობაში, თუ რა კანონს მიიღებს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი?“ - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მსგავსი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით უნდა შეიცვალოს.

„პირველ რიგში, ეს დამოკიდებულება, რომელიც დღეს არსებობს, შესაცვლელია. ყველამ უნდა იცოდეს და გაითავისოს, რაც არ უნდა დიდი სახელმწიფო იყოს, რომ საქართველო არ არის რომელიმე ქვეყნის უკანა ეზო. საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და არავის მივცემთ უფლებას, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩაერიოს. ყველამ მიხედოს თავის სახელმწიფოს, თავიანთ ქვეყანას.

ჩვენ არსად გადაგვიხვევია, პირველ რიგში ვიცავთ ქვეყნის მომავალს და მის სახელმწიფო ინტერესს. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და ჩვენი პოლიტიკა.
მბრძანებლური ტონით საუბარი საქართველოსთან მიმართებით ყოვლად მიუღებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ. 
მან ასევე MEGOBARI აქტის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნულ აქტს მეგობრობასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ეს არის პირდაპირი მტრობა საქართველოს წინააღმდეგ.

„რა თქმა უნდა, ამ აქტს ჰყავს თავისი ლობისტები, რომელთაც თანხას უხდიან და ეს დამალული არ არის. ჩვენ არაერთხელ ოფიციალურად დაგვიფიქსირებია, რომ მზად ვართ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვისთვის, მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისთვის, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენთვის, ასევე, ვფიქრობ, აშშ-სთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.