თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ისნის რაიონის მაჟორიტარმა კახა ლაბუჩიძემ ისნის რაიონში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ ისაუბრა. 

როგორ კახა ლაბუჩიძემ განაცხადა, მეტრომშენის დასახლებაში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. მისივე თქმით, ეს პროექტი მმართველი გუნდის წინასაარჩევნო დაპირება იყო.

„მეტრომშენის დასახლებაში, მთის ძირის ქუჩაზე, მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. აღნიშნული პროექტის განხორციელება ჩვენი გუნდის წინასაარჩევნო დაპირება იყო, რაც მეტრომშენის დასახლების მთის ძირის მაცხოვრებლებთან შეხვედრაზე გავაჟღერეთ. ექსპლუატაციაში შევა  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ცხოვრების ხარისხისა და პირობების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას უზრუნველყოფს“,  -  განაცხადა  კახა ლაბუჩიძემ.

ისნის რაიონის მაჟორიტარმა საკრებულოს წევრებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში კომპანია GWP-ს მიერ ფუნდამენტურად განახლდება წყალმომარაგების 1580-მეტრიანი და წყალარინების   1270-მეტრიანი  ქსელები. ისნის რაიონის გამგეობა განახორციელებს მთისძირის ქუჩის სრულ  რეაბილიტაციას. კერძოდ, ქუჩის მთელ სიგრძეზე, რომელიც  900 მეტრია, ელექტროენერგიისა და კავშირგაბმულობის საჰაერო სადენები  მიწისქვეშა სპეციალურ კაბელარხებში განთავსდება, რაც უზრუნველყოფს როგორც უსაფრთხოებას, ისე ურბანული იერსახის მოწესრიგებას. მოეწყობა ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა: სამანქანო გზის სავალ ნაწილზე დაიგება მაღალი ხარისხის ორფენიანი ასფალტის საფარი, სრულად მოეწყობა და განახლდება საფეხმავლო ბილიკები.