გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი (EIEC), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, საქართველოს მეორე ორწლიანი გამჭვირვალობის ანგარიშის (BTR2), გაერთიანებული მესამე ორწლიანი გამჭვირვალობის ანგარიშის (BTR3) და მეექვსე ეროვნული შეტყობინების (6NC) მომზადების პროცესს იწყებს.
პროექტი მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილების მიმართულებით საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობას და ქვეყნის კლიმატის ანგარიშგების სისტემის პარიზის შეთანხმების გაძლიერებული გამჭვირვალობის ჩარჩოს (ETF) მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას.
პროექტის ფარგლებში მომზადდება და განახლდება სათბურის გაზების ეროვნული ინვენტარიზაცია, შეფასდება ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) სამიზნე მაჩვენებლების შესრულების პროგრესი და გაანალიზდება კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის მიმართულებით არსებული საჭიროებები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კლიმატის ცვლილების მიმართ მოწყვლადი სექტორების იდენტიფიცირებას, ადაპტაციის ღონისძიებებისა და დაბალემისიანი განვითარების შესაბამისი ნაბიჯების დაგეგმვას. ასევე შეფასდება კლიმატის პოლიტიკის განხორციელებისთვის საჭირო ფინანსური და ტექნოლოგიური რესურსები და შესაძლებლობების განვითარების საჭიროებები.
პროექტი ითვალისწინებს ეროვნული და სექტორული უწყებების ტექნიკური და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების საკითხების უფრო ეფექტიან ინტეგრირებას ქვეყნის განვითარების პოლიტიკასა და სტრატეგიულ გეგმებში. ამ პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართული დარგის წამყვანი ექსპერტები, სხვადასხვა დაინტერესებული მხარე და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
„ცენტრს უკვე აქვს მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელების წარმატებული გამოცდილება. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ მაღალი ხარისხის საანგარიშო დოკუმენტების მომზადება, არამედ ქვეყნის მასშტაბით ინსტიტუციური და ტექნიკური შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერება, რათა კლიმატის საკითხები სრულად ინტეგრირდეს ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ გეგმებში“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამთა დევდარიანმა.
საქართველოს მეორე ორწლიანი გამჭვირვალობის ანგარიშის, გაერთიანებული მესამე ორწლიანი გამჭვირვალობის ანგარიშისა და მეექვსე ეროვნული შეტყობინების მომზადება აგრძელებს საქართველოს პირველი ორწლიანი გამჭვირვალობის ანგარიშისა (BTR1) და მეხუთე ეროვნული შეტყობინების (5NC) ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებს და ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების პოლიტიკისა და ანგარიშგების სისტემის შემდგომ განვითარებას. პროექტი ოთხწლიან პერიოდზეა გათვლილი და 2030 წლამდე გაგრძელდება.