კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში აშოტ სმბატიანს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის კულტურულ სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
აღინიშნა, რომ 7-8 ოქტომბერს საქართველოში სომხეთის კულტურის დღეები იმართება, რომლის ფარგლებშიც არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.
როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, კულტურის დღეების ფარგლებში სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან შეხვედრა კარგი შესაძლებლობაა ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების მზარდი დინამიკის და შემდგომი პარტნიორობის შესაძლებლობების განსახილველად.
ელჩის განცხადებით საქართველოსა და სომხეთს შორის არაერთი მიმართულებით არსებობს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა, მათ შორისაა კულტურის სფერო, სადაც პოტენციალი დიდია და, შესაბამისად, ამ ურთიერთობების გაღრმავება მისასალმებელია.
კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე და სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს პირველი მდივანი არენ არაქელიანი ესწრებოდნენ.