როგორც გამოცემა იუწყება, ტრაგიკული შემთხვევა აშშ-ში მოხდა. ხელოვნური ინტელექტი მას მედიკამენტების დოზის შემცირებას ურჩევდა.

Amazon-ის ინჟინერი, ბოუენ ვანი (Bowen Wan), თებერვალში სიეტლში მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ეპილეფსიის მკურნალობის კურსის შესამცირებლად ChatGPT-ის რეკომენდაციებს მიჰყვა. გარდაცვლილის მშობლებმა OpenAI-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს.  
ეს შემთხვევა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ChatGPT-ის მიერ მოწოდებულ ყველა ინფორმაციას ბრმად არ უნდა ვენდოთ. 

The New York Times-ის ცნობით, 31 წლის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, რომელიც მძიმე ეპილეფსიით იყო დაავადებული, თებერვალში მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც OpenAI-ს ხელოვნური ინტელექტის რჩევით მკურნალობა შეწყვიტა.  

ახალგაზრდა ქალი ათი წლის განმავლობაში გადიოდა მკურნალობას, თუმცა მედიკამენტებმა ეფექტი დაკარგა. შეტევები რეგულარულად უმეორდებოდა, რის გამოც ექიმები შეთანხმდნენ, რომ მას მუშაობის გაგრძელება არ შეეძლო და შრომისუუნარობის შვებულებაში გაუშვეს.  

ბოუენ ვანი იშვიათად გადიოდა სახლიდან, ძირითადად მხოლოდ პროდუქტების საყიდლად, რადგან შიშობდა, შეტევა საზოგადოებრივ ადგილას არ დამართოდა. 

ქალმა დახმარებისთვის ChatGPT-ს მიმართა, საიდანაც 2025 წელს კვირაში საშუალოდ 1500-ზე მეტ შეტყობინებას იღებდა.  

მკურნალობის შემცირების მოწოდებები  

ახალგაზრდა ქალს სურდა ლამოტრიჯინის (lamotrigine) დოზის შემცირება , პრეპარატის, რომელიც შეტევებს უზღუდავდა, თუმცა სერიოზული გვერდითი მოვლენები ახასიათებდა. მას ეშინოდა, რომ ეს გვერდითი ეფექტები საფრთხეს შეუქმნიდა მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და სამუშაოს ძიების პროცესს. ჩატბოტმა მას მედიკამენტის დოზის ეტაპობრივი შემცირებისა და საბოლოოდ სრული შეწყვეტის რამდენიმე პროგრამა შესთავაზა.  

მოგვიანებით, ბოუენ ვანმა შეშფოთება გამოთქვა ChatGPT-თან იმ საგანგაშო სიმპტომების გამო, რომლებიც მკურნალობის შემცირებას მოჰყვა, თუმცა ხელოვნურმა ინტელექტმა მას პროცესის გაგრძელებისკენ მოუწოდა.  

„ხვალ შეინარჩუნეთ დოზა 0 მგ-ზე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დღე მძიმე იქნება და გაგიჭირდებათ ლაპარაკი ან ძილი, მაინც უნდა გაგრძელოთ“ - ურჩევდა ხელოვნური ინტელექტი პაციენტს და ამასთანავე მოუწოდებდა, რომ ამის შესახებ მკურნალი ექიმებისთვის არ შეეტყობინებინა.  

11 თებერვალს, 23:00 საათის შემდეგ, ბოუენ ვანმა ჩატბოტს უკანასკნელი შეტყობინება გაუგზავნა. სამი დღის შემდეგ იგი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის მიზეზად ეპილეფსიით გამოწვეული უეცარი სიკვდილი დასახელდა.  
გარდაცვლილის მშობლებმა OpenAI-ს სასამართლოში უჩივლეს. კომპანიაში განაცხადეს, რომ სკანდალური მოდელი GPT-4o, რომელსაც მსხვერპლი იყენებდა, უკვე ხელმისაწვდომი აღარაა.