„უმორჩილესად ვთხოვ ჩვენს ახალგაზრდებს: თვალყური ადევნონ საგამოძიებო კომისიის მუშაობას. ოპოზიციონერებმა და მათმა ტელევიზიებმა ახალგაზრდების ყური ძალიან მიაჩვიეს, თითქოს დღეს მათ რაღაც „რეჟიმის“ პირობებში უწევთ ცხოვრება. მოდით, ვუყუროთ რა ხდება, რას ჰყვებიან დაზარალებული ოჯახები და მერე კარგად მიხვდებით, ახალგაზრდებო, თუ რას ნიშნავს ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმი და რეალურად გაავლებთ უკვე პარალელს, თუ როგორ დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობთ თქვენ დღეს“, - ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა სწორად შეაფასონ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ.
„კოალიცია“ - ძალიან მოგახვიეს ეს ტერმინი თავს. გთხოვთ, რომ შეგნებით იაზროვნოთ და არ აჰყვეთ უბრალოდ რაღაც ტრენდებს. კოალიცია არ არსებობს, ვინაიდან, პირობითად, 51% რომ აეღო ამ ოთხ რადიკალურ პარტიას, თქვენ ხელისუფლებაში მოგყავდათ მოძალადეები, მკვლელები, გამაუპატიურებლები, რეკეტიორები, აფერისტები, რევანშისტული ზრახვით დაბრუნებული კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“. როდესაც თქვენ მიდიხართ საარჩევნო უბნებზე, კარგად გაიაზრეთ, რა პასუხისმგებლობა მოჰყვება თქვენს გადადგმულ ნაბიჯს, თქვენ მიცემულ ხმას. თხოვნა მექნება: ყოველთვის გამოდით შემდეგი პრინციპებიდან, რომ ხმა უნდა მივცეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და მშვიდობას, ხმა უნდა მივცეთ ჩვენი იდენტობის გაძლიერებას და შენარჩუნებას, ხმა უნდა მივცეთ ჩვენს მამულს, ენას და სარწმუნოებას“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.