‘’ევროსაბჭოს მინისტერიალი, მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება და მასში საქართველო, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, მონაწილეობს’’,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ევროსაბჭოს მინისტერიალს ის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების გასაჟღერებლად გამოიყენებს.
“ჩვენ ამ პლატფორმას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ გავაჟღეროთ ყველა ის საკითხი, რაც დღეს საქართველოს დღის წესრიგში დგას, ის გამოწვევები, რომლებიც აქვს დღეს ქვეყანას - ერთი უსაფრთხოების თვალსაზრისით, მეორე, რაც ქვეყანის სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ დემოკრატიის სახელით არ უნდა ხდებოდეს დემოკრატიული პროცესებისთვის ხელის შეშლა ქვეყანაში და არ უნდა ხდებოდეს დემოკრატიული ინსტიტუტების უგულებელყოფა”,-განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის თქმით, როდესაც საუბარია კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის გზების ძიებაზე, პირველ რიგში საერთაშორისო ინსტიტუტების მაქსიმალურად გამოყენება იგულისხმება.
“ზოგადად, როდესაც ვსაუბრობთ ოკუპაციაზე, მის შედეგებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებზე და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის გზების ძიებაზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვგულისხმობთ საერთაშორისო ინსტიტუტების მაქსიმალურად გამოყენებას. ევროსაბჭოს ფარგლებშიც მუდმივად დგას საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხი დღის წესრიგში და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას განსაკუთრებით ვიყენებთ ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ყურადღების გასამახვილებლად და, ამ შემთხვევაშიც, მინისტერიალის დოკუმენტებში ასახული იქნება ეს საკითხი“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.