საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, მედიასთან კომენტარი გააკეთა და ისაუბრა დუბაიში მიმდინარე მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობაზე მაღალი დონის დისკუსიებსა და შეხვედრებში.
„მსოფლიო მთავრობათა სამიტი, რომელიც დუბაიში იმართება, ძალიან კარგი პლატფორმაა. მასში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები, მაღალი დონის დელეგაციები, ასევე კერძო სექტორის ხელმძღვანელი პირები,“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მინისტრის თქმით, სამიტი კარგი შესაძლებლობაა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და ეკონომიკური შესაძლებლობების წარმოსაჩენად.
„საქართველოსთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ აქ საუბარი იყოს საქართველოს შესახებ, მისი საინვესტიციო პოტენციალისა და ეკონომიკური საქმიანობის შესახებ. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა შევხვედროდით არაერთი ქვეყნის დელეგაციას და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ინტერესი საქართველოს მიმართ ძალიან დიდია, ასეთი დისკუსიების დროს საქართველოს შესახებ საუბარი ძალიან მნიშვნელოვანი“ - ისაუბრა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ სამიტის ფარგლებში გამართულ დისკუსიებსა და შეხვედრებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს როლს რეგიონულ და გლობალურ დონეზე.
„პრემიერ-მინისტრს ქონდა არაერთი მიმართვა ღონისძიების მონაწილეების მიმართ. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს როლზე რეგიონში, საქართველოს როლზე გლობალურად და იმ შესაძლებლობებზე, რაც არსებობს ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით ინვესტორებისთვის, მათთვის, ვისაც სურს ბიზნესის კეთება ჩვენს რეგიონში.“ - განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა.




