თბილისის მუნიციპალიტეტის VIII მოწვევის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა მარიამ გრიგოლიშვილმა 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

საკრებულოს  ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“,  იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრმა  მარიამ გრიგოლიშვილმა ანგარიშის წარდგენისას თბილისის საკრებულოში გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალურად ისაუბრა და საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციაში საკუთარი აქტივობა დაწვრილებით მიმოიხილა.

როგორც უმრავლესობის წევრმა ანგარიშში აღნიშნა, მისი საქმიანობის მნიშვნელოვანი  ნაწილი უკავშირდებოდა საკრებულოს კომისიებში წარმოდგენილი პროექტების შესწავლას,  რომლებიც შემდგომ საკრებულოს სხდომებზე განიხილებოდა.  ამგვარი სამუშაო პროცესი  კი შესაძლებლობას იძლევა გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხი შეფასდეს როგორც  სამართლებრივი და ადმინისტრაციული, ისე მისი საზოგადოებრივი მნიშვნელობის თვალსაზრისით. 

მარიამ გრიგოლიშვილმა პრეზენტაციისას ყურადღება გაამახვილა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიაში განხილულ საკითხებზე. მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების განვითარება, განათლებისა და სპორტის ხელმისაწვდომობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, რადგან  ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ანგარიშის თანახმად,  მარიამ გრიგოლიშვილი აქტიურად იყო ჩართული  თბილისის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა  საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს საქმიანობაში, რომლის   ძირითადი მიზანი  მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა, ქალისა და მამაკაცის  არსებითი თანასწორობის მხარდაჭერა და შესაბამისი მუნიციპალური პოლიტიკის  განვითარებაში მონაწილეობაა. 

უმრავლესობის წევრმა ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა ისიც, რომ საკრებულოს წევრის საქმიანობის ფარგლებში, კომისიებსა და საბჭოში მუშაობის გარდა, ასრულებს წარმომადგენლობით ფუნქციებს სხვადასხვა მუნიციპალურ და საერთაშორისო  ორგანიზაციაში.  მისი თქმით, აღნიშნული უფლებამოსილებები მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი  თვითმმართველობის ორგანოებს შორის თანამშრომლობის, ისე მუნიციპალიტეტის  ინტერესების წარმოდგენისა და შესაბამისი ინსტიტუციური კავშირების განვითარების  თვალსაზრისით. 

ანგარიშის წარდგენისას მარიამ გრიგოლიშვილმა აღნიშნა, რომ  საანგარიშო პერიოდში  საკრებულოს 17  სხდომას დაესწრო, რომლებზეც  საკრებულომ მიიღო 99 დადგენილება და 714 განკარგულება.  მისი თქმით, საკრებულოს  საქმიანობის ფარგლებში განსახილველი საკითხები მოიცავდა დედაქალაქის ბიუჯეტს,  მუნიციპალური პროგრამების განხორციელებას, ქალაქის ინფრასტრუქტურულ და  ეკონომიკურ განვითარებას, სოციალურ და ჯანდაცვის პოლიტიკას, მუნიციპალური ქონების  მართვისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციულ საკითხებს. 

ანგარიშის წარდგენას თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.