საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი მერაბ გამყრელიძე საგამოძიებო დეპარტამენტის რეგიონული სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, სამსახურის უფროსმა რეგიონებში არსებული ვითარების, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების, სტატისტიკური მონაცემებისა და დანაშაულის გახსნის მაჩვენებლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

მერაბ გამყრელიძემ რეგიონული დანაყოფების ხელმძღვანელებთან ერთად იმსჯელა დანაშაულის გამოვლენისა და ეფექტიანი გამოძიების, ასევე, სამართალდარღვევათა პრევენციის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.

საგამოძიებო სამსახურის უფროსის განცხადებით, საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი რეგიონებში საფინანსო-ეკონომიკურ დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლა, მისი დროული გამოვლენა და ხარისხიანი გამოძიებაა. მისი თქმით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია არსებული რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება.

შეხვედრაზე, ასევე განიხილეს სამსახურის სამომავლო პრიორიტეტები და რეგიონული დანაყოფების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებები. სამსახურის უფროსმა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს შესაბამისი დავალებები მისცა და საქმიანობის კიდევ უფრო ეფექტიანად წარმართვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

სამუშაო შეხვედრას საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ.