„ნაციონალური მოძრაობის“ ცალკეული დაჯგუფებების მხრიდან, აქტივობებს, რომელიც უკავშირდება სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას, მაგალითად, აქციების გამართვას თუ მაისურით სიარულს, რომელზედაც აღბეჭდილია ლოზუნგი, ორი ფუნქცია აქვს: ერთი არის ის, რომ ამ დაჯგუფებებმა ერთმანეთთან მიმართებით უპირატესობა მოიპოვონ და შესაბამისად, თავიანთ ელექტორატში გაზარდონ საკუთარი პოპულარობა იმ თვალსაზრისით, თუ ვინ უფრო მეტად აქტიურია სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაში, - ამის შესახებ  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით  გამართული აქტივობები, შესაძლოა,  ვითარების გამწვავების მორიგ მცდელობასაც უკავშირდებოდეს.

სარჯველაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა  ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის გაშუქების კამპანიის ხარჯებზე და აღნიშნა, რომ გაწეული დანახარჯის გამართლებას "ნაციონალური მოძრაობის" მხარეს მყოფი პოლიტიკური აქტორები მსგავსი სახის აქტივობებით ცდილობენ.

"შეიძლება  ამაში იყოს ჩანაფიქრი, რომ მათი მხრიდან ეს არის გამწვავების მორიგი მცდელობა, იმიტომ რომ რეალურად თემა არ აქვთ, რომელზეც შეიძლება რაღაც წინააღმდეგობა შექმნან. რაც ყველაზე მთავარია, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ეს დანახარჯები, რაც სააკაშვილის პატიმრობის გაშუქებას უკავშირდებოდა, უნდა აიხსნას რაღაცნაირად, იმიტომ რომ ბევრ მათგანს, ვინც დღეს "ნაციონალურ მოძრაობის" მხარეს  პოლიტიკაში მონაწილეობს, პასუხისმგებლობაც აქვთ. აქა-იქ გაიჟღერებს ხოლმე, ვინც ურჩია სააკაშვილს ჩამოსვლა, ვინც გარკვეულ გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია, მათ დამოკლეს მახვილივით თავზე ადგათ ეს პასუხისმგებლობა ერთმანეთს შორის ურთიერთობაში, შესაბამისად, არის საკუთარი „ბრალის“ ხელისუფლებაზე გადაბრალების მცდელობები.  ყველასთვის გასაგებია, ვისაც საკითხში ოდნავ ჩახედვა, მიუკერძოებლად ფაქტების ანალიზის უნარი გააჩნია, რომ, საქმე გვაქვს მარტივ შემთხვევასთან, როდესაც არის დამსახურებული მსჯავრი, ჩადენილი დანაშუალებისთვის, რომლისთვისაც დიახ, სწორია, რომ  ეს ადამიანი საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფებოდეს. ასეთ ფონზე, ყველა სხვა მცდელობა არის ფაქტების მანიპულაცია და არასწორი აჟიოტაჟის შექმნის მცდელობები." -  განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.