საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის (ECECACD) თავმჯდომარეს, პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტ ალექსანდერ კვაშნევსკისა და თანმხლებ დელეგაციას შეხვდა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნარკოპოლიტიკის სფეროში არსებულ რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებზე, ასევე, პრევენციის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს გამოცდილებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით. საქართველო რეგიონში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ზიანის შემცირების პროგრამები დანერგა. აღინიშნა 2015 წელს დაწყებული C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომლის ფარგლებში ათიათასობით ადამიანმა უფასო მკურნალობა მიიღო, ხოლო შესაბამისი სერვისები ზიანის შემცირების ცენტრებთან ინტეგრირდა.

მიხეილ ყაველაშვილმა კომისიის წევრებს გააცნო 2027 წელს თბილისში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის პირველი გლობალური სამიტის ჩატარების ინიციატივაც, რომლის გამართვაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ოლიმპიურ კომიტეტთან და საერთაშორისო პარალიმპიურ კომიტეტთან თანამშრომლობით განიხილება. ინიციატივის მიზანია ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის ისეთი ალტერნატიული სივრცეების შექმნა, სადაც მათი ყოველდღიური ცხოვრება მრავალფეროვანი სპორტული, საგანმანათლებლო-შემეცნებითი თუ გასართობი აქტივობებით დაიტვირთება, როგორც მათი ფსიქიკური და მენტალური, ასევე ფიზიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით. აქვე დასძინა, რომ სახელმწიფოს მისიაა ჯანმრთელი, მორალურად მყარი და ეროვნული ცნობიერებით განმსჭვალული თაობების აღზრდა.

შეხვედრის დასასრულს მიხეილ ყაველაშვილმა მადლობა გადაუხადა ალექსანდერ კვაშნევსკისა და კომისიის წევრებს საქართველოში ვიზიტისთვის და იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა ნაყოფიერი და გრძელვადიანი თანამშრომლობის საფუძველი გახდება.