როგორც ცნობილია, Wizz Air -მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულება ევროპის 5 ქალაქის: ბრიუსელის, მადრიდის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებებით დაიწყო.

ნანიტამ ზაუტაშვილმა ტურისტული სააგენტო N-Travel ქუთაისში რამდენიმე წლის წინ დააარსა და დღემდე წარმატებით ოპერირებს. ,,აიპრესთან“ იმ შესაძლებლობების შესახებ საუბრობს, რაც ქალაქს საერთაშორისო აეროპორტისა და გარდილი ფრენების შედეგად აქვს.

,,5 ახალი მიმართულებით ფრენების დამატებას, რა თქმა უნდა, მივესალმებით. მინდა პირველ რიგში აღვნიშნო, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამოთქმული ეჭვები თითქოს საქართველოს უვიზო რეჟიმს საფრთხე ემუქრება უსაფუძვლოა. ქუთაისი ერთ-ერთი ევროპული ლოკაციაა, საიდანაც ფრენები ევროპის ბევრი ქვეყნის მიმართ საკმაოდ ბიუჯეტურად ხორციელდება, ეს შესაძლებლობები მუდმივად იზრდება რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ევროპა და ევროკავშირი ჩვენს მხარესაა. რაც შეეხება კონკრეტულად ახალ მიმართულებებს, ამ მხრივ მოთხოვნა ნამდვილად იყო. განსაკუთრებით ზაფხულში, როდესაც ახალგაზრდები სტუდენტური სამუშაოებისთვის გერმანიაში მიემგზავრებიან. თითოეული ევროპული ქალაქიდან შემოსული ტურისტი, ავითარებს ჩვენს ქალაქში და ზოგადად ქვეყანაში ტურიზმს და შესაბამისად ეკონომიკას. აღსანიშნავია, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს შეუძლიათ საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად იმოგზაურობ ევროპის სხვადასხვა ქვეაყანაში, მოკლედ  ბევრ სიკეთეზე შეგვიძლია ვისაუბროთ, რასაც ეს შესაძლებლობები მოგვიტანს.“-აღნიშნა ნანიტამ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით 5-ვე მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება. ხოლო, პარიზის, მილანის, პრაღისა და მემინგენზე არსებულ სიხშირეებს თითო სიხშირე დაემატება.