"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დააკავეს. ამის შესახებ  კოალიციის ლიდერი ნიკა გვარამიასოციალურ ქსელში წერს. 

"ნიკა მელია დააკავეს მანქანაში, ლისის ტბის ასახვევთან. არც ერთი საფუძველი არ არსებობს: ფორმალურად არც გირაოს გადახდის ვადა გასულა, და არც სასამართლოს არ გამოუტანია აღკვეთის შეცვლოს გადაწყვეტილება!"" - წერს ნიკა გვარამია. 

"რაც ჩემთვის ცნობილია, მიდიოდა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად. გადააყენა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა და შემდგომ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, რამდენიმე პოლიციელმა, მათ შორის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ძალისმიერი მეთოდით დააკავეს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. აბსოლუტურად გაუგებარია, რასთან არის დაკავშირებული. მას, არცერთ საქმეში, აღკვეთის ღონისძიება შეცვლილი არ აქვს და რასთან არის მისი დაკავება დაკავშირებული, ჩვენთვის უცნობია, ფაქტობრივად, მოიტაცე" - განაცხადა ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა "tv პირველთან".

გავრცელებული ინფორმაციას "აიპრესი" შინაგან სამინისტროსთან აზუსტებს. უწყებიდან ოფიციალური ინფორმაციის მიღებისთანავე, მას მკითხველს გავაცნობთ. 

ცნობისთვის, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში იყო დაბარებული. თუმცა არ გამოცხადდა. 

"ჩემი დღევანდელი პროცესი.არც პროკურორები მივიდნენ“მოსართლემ” შემდეგი სხდომა ხვალ 14:00 ჩანიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატმა მისი სხვა პროცესების გამო, ორშაბათისთვის ითხოვა გადატანა - არც ხვალ მივალ." - დაწერა ნიკა მელიამ დღეს "ფეისბუკში".

ნიკა მელიამ 2025 წლის 23 მაისს განაცხადა: 29 მაისს სასამართლოში ვარ დაბარებული, მივიღე გადაწყვეტილება, არ მივიდე, ამას ხალხის პატივისცემის გამო გავაკეთებ

2025 წლის 29 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვალდებულება დღეს ეწურება.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურამ 2025 წლის 28 აპრილს ბრალი წარუდგინა.

შეგახსენებთ, 2025 წლის 17 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ "ახალი"-ს ლიდერს ნიკა გვარამიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე  აღკვეთის ღონისძიების სახედ 30 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.