„ევროპარლამენტში ერთ ჯგუფს ინიციატივა აქვთ, რომ არაფორმალური გავლენების გამოძიება მოხდესო - ეს პრობლემა ყოველთვის იდგა და ყოველთვის არსებობდა, თვალებს ხუჭავდნენ. - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ბუდაპეშტში განაცხადა, სადაც ქართულ დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
"ჩვენ გავბედეთ და ერთ-ერთი პირველი ვიყავით მსოფლიოში, ვინც ამაზე ხმა ამოვიღეთ და გახსოვთ, რამხელა კრიტიკა და სიძულვილის ნიაღვარი მოჰყვა ყველა მცდელობას. კარგია, თუ ქართულ გამოცდილებას გადაიღებენ და მივესალმებით. ჩვენ, როგორც სახელმწიფო ყველანაირ გამჭვირვალობას მივესალმებით. იმ ორგანიზაციაში, რომლის წევრობაც გვინდა, ასევე მივესალმებით გამჭვირვალობას, ეს იქნება სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობს. შალვა პაპუაშვილი სესიაზე სიტყვით გამოვა. საპარლამენტო დელეგაციას დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრებიც.