თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრი ნოდარ ბოკერია პარტია „ლელოს“ წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა და სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა ისინი.
ნოდარ ბოკერიამ ოპოზიციის წარმომადგენლებს საქართველოს კონსტიტუციის ის მუხლი წაუკითხა, რომელიც სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედ პოლიტიკურ ორგანიზაციებს ეხება.
„მოსაზრება, რომ პარტიების აკრძალვის დღის წესრიგში დაყენება არადემოკრატიულია, თავისივე შინაარსშია არაკონსტიტუციური განცხადება. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი უზენაესი კანონმდებლობა აქტიურად იცავს პლურალიზმსა და პარტიების თავისუფლებას, თუმცა ამავდროულად მკაფიოდ ავლებს ზღვარს, რომლის გადაკვეთის შემთხვევაშიც ხელისუფლებას და სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს საკმაოდ ეფექტიანი რეაგირება და პასუხი. თქვენ ალბათ კონსტიტუცია წაკითხული არ გექნებათ და წაგიკითხავთ. 23-ე მუხლი: დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიების შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა; ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. აგრეთვე, ისეთი პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას; აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის შექმნა ტერიტორიული ნიშნით“, - განაცხადა ნოდარ ბოკერიამ და დასძინა, რომ სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი პარტიების აკრძალვის პრაქტიკა მიღებულია მეთოდია ევროპის სასამართლოებშიც.
ნოდარ ბოკერიამ „ლელოს“ ყოფილ ლიდერებზე, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე, ასევე ალეკო ელისაშვილის ბრალეულობასა და ამ საკითხისადმი ოპოზიციური სპექტრის დამოკიდებულებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, დაირღვა კონსტიტუციური წყობილების ორი უმნიშვნელოვანესი ნაწილი: ადამიანის უფლებები და სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს არსებობა.
„მე გაგახსენებთ, რომ თქვენი პარტიის ყოფილი ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში, ამ პარტიასთან აფელირებულნი, ხალხზე ფსიქოლოგიურ თუ ფინანსურ ზეწოლას ახდენდნენ. მათ არაერთი ბიზნესის რეკეტი განახორციელეს და ხალხს ქონება გამოსძალეს. ეს ხომ არის ავტომატურად ადამიანის უფლებების დარღვევა და კეთილდღეობის სახელმწიფოს პრინციპის შელახვა, რაც პირდაპირ კავშირშია კონსტიტუციურ წყობილებასთან?!
თქვენი პარტიის კიდევ ერთი პოლიტიკური სიკეთე - ალეკო ელისაშვილი - რომ გამოვიდა და სასამართლო კანცელარიის, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციის, დაწვა სცადა, ეს ხომ პრობლემაა! აქ უნდა ვიკითხოთ, იყო ალეკო ელისაშვილის ქმედება ინდივიდუალური თუ პარტიის კურსის გაგრძელება? თქვენ რომ გამოსულიყავით და ალეკო ელისაშვილის ქმედება დაგეგმოთ, ის შეირაცხებოდა ინდივიდუალურად მოქმედ პირად, თუმცა თქვენ მისი გამართლება სცადეთ. თქვით, რომ ეს იყო ანგარიშსწორება ალეკო ელისაშვილის მიმართ და რომ ალეკო ელისაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. ეს კომენტარი გააკეთეთ ტერორისტულ აქტზე.
თქვენი პარტიის ლიდერი იყო, ვინც ჩვენთვის სტრატეგიული ობიექტის მუშაობა გააჩერა, ანაკლიის პორტს ვგულისხმობ. ეს ხომ ჩვენი მოგონილი არ არის. ორჯერ საერთაშორისო არბიტრაჟის წინაშე აგეთ პასუხი. ასე რომ, თქვენს ადგილას ბოდიშს მოვიხდიდი იმ დესტრუქციული ქმედებებისთვის, რომლებიც ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართა თქვენმა პარტიამ“, - განაცხადა ნოდარ ბოკერიამ.