სადაც არ უნდა წავიდე საქართველოში, ხალხი მეუბნება: „გმადლობთ პარტნიორობისთვის. გმადლობთ მეგობრობისთვის. ჩვენ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება. გვინდა, რომ ჩვენს პასპორტზე ეწეროს — European Union, Georgia.“ მეუბნებიან, „ჩვენ გვინდა ეს ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი შვილიშვილებისთვის.“ - ამის შესახებ - ამის შესახებ „ბათუმელებთან“ ინტერვიუში გერმანიის ელჩმა  საქართველოში, ერნსტ პეტერ ფიშერთმა განაცხადა. 

თქვენ ბათუმში ჩამოხვედით და აპირებთ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს დაესწროთ, რისთვისაც ჩვენი რედაქციის სახელით მადლობას გიხდით. ცნობილი ფაქტია, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით 3 მარტს განცხადება გაავრცელა. ის დღემდე პატიმრობაშია. რას აჩვენებს თქვენთვის „მზია ამაღლობელის საქმე“?

გერმანიის საგარეო პოლიტიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს. ამისთვის ძალიან კარგი მიზეზი გვაქვს: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა აშენდა ნაცისტური სახელმწიფოს ნანგრევებზე და ჩვენ საკუთარი ისტორიიდან ვიცით, რას ნიშნავს, როცა კანონის უზენაესობა იკარგება და ადამიანის უფლებები აღარ ფასობს.

ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის და ლიბერალური დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი არსებითი ელემენტია მედიის თავისუფლება.

საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი გააკეთა. კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება ევროკავშირის ფუნდამენტური პრინციპებია. თუ გსურთ ევროკავშირში გაწევრიანება, ამ ყველაფრის დაცვა აუცილებელია.

ამიტომ, ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მედიის თავისუფლებაზე. ვსაუბრობთ ჟურნალისტზე, რომელიც უკვე ოთხი თვეა ციხეში იმყოფება.

უნდა აღვნიშნო – განსხვავებით ზოგიერთი მტკიცებისგან – მე არ ვცდილობ, ვიყო არც ქართველი მოსამართლე, არც პროკურორი და არც ადვოკატი.

ფაქტებიდან, რაც საჯაროდაა ცნობილი, ის ბრალდებულია, რომ შენობაზე სტიკერი მიაკრა და პოლიციელს სილა გაარტყა.

გერმანიაში, რა თქმა უნდა, პოლიციელისთვის ხელის დარტყმა დაუშვებელია. მაგრამ ის უკვე ოთხი თვეა დაკავებულია. 

აქ მთავარი საკითხია პროპორციულობა: რამდენად შეესაბამება მისი პატიმრობა იმ ქმედებას, რაც მას ბრალად ედება?

როგორც გავიგე, საქმე აღძრულია პოლიციელზე ძალადობის და ფიზიკური დაზიანების მიყენების ბრალდებით, სასჯელი კი, 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აქ საქმე გვაქვს ცნობილ ქართველ ჟურნალისტთან – მზია ამაღლობელთან, რომელიც მედიაში 2001 წლიდან მუშაობს ადამიანის უფლებების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და კანონის უზენაესობის თემებზე. ის დიდ როლს თამაშობდა აჭარის რეგიონში, მათ შორის, ბავშვებისთვის ბიბლიოთეკების მხარდაჭერაში მთიან რაიონებში. ის არაერთი პრიზის მფლობელია.

„ბათუმელები“ აკრძალულია რუსეთში – დაბლოკილია, რაც ასევე საინტერესოა.

ასე რომ, როცა მედიის თავისუფლებასა და პროპორციულობაზე ვსაუბრობთ, ყველამ ნახა ეს ხელის დარტყმა. საკითხავია: მართლაც იმსახურებს თუ არა 4–7-წლიან სასჯელს? ის უკვე ოთხი თვეა პატიმრობაშია.

შესაძლოა, ის, რაც გააკეთა – ამ ოთხთვიანი პატიმრობით უკვე დაფარულია.

ჩვენ სასამართლო პროცესებს მთელ მსოფლიოში ვაკვირდებით, რადგან ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულების პროპორციულობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია – ნებისმიერ ქვეყანაში.

მზია ამაღლობელი არის ცნობილი ჟურნალისტი. მან ბევრი რამ გააკეთა თავისი რეგიონისთვის. ის გარკვეული ასაკის ქალია. მან სტიკერი მიაკრა და პოლიციელს გაარტყა. ის უკვე ოთხი თვეა ციხეშია.

მისი ბრალდების საფუძველზე სასჯელი არის 4-დან 7 წლამდე. კითხვა კი რჩება:  ეს მართლაც სამართლიანობაა?

ემსახურება თუ არა მართლმსაჯულებას ის, რომ ის კიდევ უფრო დიდხანს დარჩეს პატიმრობაში და შესაძლოა, მრავალწლიანი სასჯელიც მიიღოს?

ვფიქრობ, შეიძლება ითქვას, რომ, როგორც გერმანიის, ისე ევროკავშირის სტანდარტების უმრავლესობით, ეს იქნებოდა უკიდურესად/გადამეტებულად მკაცრი სასჯელი და უკვე ასე აღიქმება, გადამეტებულ სასჯელად – ოთხთვიანი პატიმრობა ეს ძალიან დიდი დროა. 

მხოლოდ ქართულ მედიასაშუალებებში არ ფიქრობენ ასე – საერთაშორისო მედიაც ამბობს, რომ ასეთი სიმკაცრე, როგორც მას [მზია ამაღლობელს] ექცევიან, შესაძლოა, იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის დაშინება.

და თუ გსურთ გაწევრიანება ევროკავშირში – თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია აუცილებელია.

ხშირად გვეკითხებიან: რატომ ვსაუბრობთ საქართველოზე? – იმიტომ, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანება მოითხოვა.

ეს კი გვაკისრებს პასუხისმგებლობას: ვთქვათ, რა არის ამისთვის საჭირო. ჩვენ გვინდა, რომ გაწევრიანდეთ და როგორც მეგობრები, ვამბობთ სიმართლეს: აუცილებელია თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია.

ჩვენ ვუჭერთ მხარს სამართალს მზია ამაღლობელისთვის. ვუჭერთ მხარს შესაბამის და სამართლებრივ სანქციას [სასჯელს] მის მიმართ. მაგრამ, როგორც არაერთხელ ვთქვი – ყველამ ნახა ის სილა: ეს სამართალია, რომ ამდენ ხანს [მზია ამაღლობელი] იჯდეს ციხეში? მართლა საშიშროებაა ის ქართული საზოგადოებისთვის? მართლა საშიში კრიმინალია? მართლა ძირგამომთხრელი პოლიტიკოსია? მართლა ვინმეს მძიმე დაზიანება მიაყენა? არის მოძალადე, რომელიც გამუდმებით სცემს ადამიანებს?

ჩვენი მოწოდებაა – სასამართლომ იპოვოს სამართალი.

გერმანიის მთავრობამ დაასანქცირა კონკრეტული პირები საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევისთვის. ხომ არ უნდა ველოდოთ „მზია ამაღლობელის საქმის“ ფიგურანტების დასანქცირებას? 

რაც შეეხება სანქციებს – ჩვენ არ გვინდა, ვინმე დავასანქციროთ. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს. გვინდა დავუბრუნდეთ იმ შესანიშნავ პარტნიორობას, რაც 30 წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა.

თუმცა, ჩვენ გვაქვს გლობალური პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დაცვის წინაშე და ვიტოვებთ უფლებას, სანქციები დავუწესოთ მთელს მსოფლიოში იმ ადამიანებს, რომლებიც არღვევენ ადამიანის უფლებებს – სწორედ ამისთვის არსებობს სანქციების მექანიზმი.

უკვე დავასანქცირეთ 13 ადამიანი საქართველოში, რომელთაც, ჩვენი შეფასებით, პირდაპირი მონაწილეობა ჰქონდათ დემონსტრანტების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევებში. მედიის თავისუფლების გარდა, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.

ჩვენი შეფასებით, აქციების დროს დაკავებების რაოდენობა არაპროპორციულად მაღალი იყო. ბევრი ადამიანი დაშავდა დაკავების პროცესში. ჩვენ გვინდა მკაფიო სიგნალი გავუგზავნოთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ამას ძლიერად არ ვეთანხმებით და ვიტოვებთ უფლებას, მივიღოთ შესაბამისი ზომები.

მაგრამ ეს არ არის ის გზა, რომელიც ჩვენ გვსურს. ჩვენი სურვილია, რომ საქართველომ გაწევრიანება შეძლოს ევროკავშირში – თავისუფლების, დემოკრატიის, მშვიდობისა და კეთილდღეობის კავშირში, რომელიც საქართველოსთვის ხელის გაწვდენაზეა.

ყველა ქართველი, ვინც კი ოდესმე შემხვედრია, სწორედ ამას ამბობს – რომ საქართველო ევროკავშირში უნდა იყოს.

ამიტომ ჩვენი პოლიტიკაა, ვაჩვენებთ საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს, რომ ეს გზა, რომლითაც ახლა მიდის ქვეყანა, ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს.

ეს ძალიან გვაწუხებს. ჩვენ არ ვართ ამის მიზეზი. ჩვენ არასდროს გვითხოვია საქართველოსგან მეორე ფრონტის გახსნა. არასდროს გვითხოვია რუსეთზე სანქციების დაწესება. არასდროს დაგვიგეგმავს რაიმე „დიფ სტეიტური“ რევოლუციური სცენარი საქართველოს რომელიმე მთავრობის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება.

რაც გავაკეთეთ, ეს იყო მხოლოდ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეთავაზება და მიცემა.

ყველამ იცის, რა არის საჭირო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ჩვენ არ გვიყვარს სანქციები, მაგრამ როდესაც სერიოზული შეშფოთება გვაქვს და პრობლემები გვაქვს რომელიმე ქვეყანასთან – დიახ, ხანდახან ვიღებთ შესაბამის ზომებს.

გავიმეორებ, გერმანიაში დაუშვებელია ძალადობა პოლიციელებზე, სამართალდამცავებზე ან სახელმწიფო მოხელეებზე. აუცილებელია დაემორჩილო პოლიციის კანონიერ მითითებებს და ინსტრუქციებს, თუმცა, ასევე არაკანონიერია, როცა სახელმწიფო მოხელეები აჭარბებენ საკუთარ უფლებამოსილებებს.

არაკანონიერია დემონსტრანტების მიმართ ძალადობის გამოყენება – განსაკუთრებით, როცა ძალა არის გადამეტებული. ძალის გამოყენება უნდა იყოს პროპორციული.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებული იქნას ყველა ფაქტი – მათ შორის, პოლიციის მხრიდან შესაძლო გადაცდომებიც.

რამდენადაც მე ვიცი, არცერთი პოლიციელი – მათ შორის პირები, რომლებსაც ყველა ხედავდა ვიდეო კადრებსა და  ქუჩებში – არ გამოუძიებიათ , არცერთი არ გაუშვიათ თუნდაც დროებით სამსახურიდან. არაფერი მსგავსი არ მომხდარა.

ესეც სერიოზული შეშფოთების საგანია და მიანიშნებს, რომ რაღაც ძალიან არასწორადაა.

მზია ამაღლობელი იქცა ქართული თავისუფალი მედიის სიმბოლოდ. ვიცით, რომ დიპლომატიური კორპუსი ხვდება 20 მაისს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელებს. აპირებთ შეახსენოთ მას, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებობს ხელშეკრულება, რომელიც EU ქვეყნების გრანტებს დღგ-ს-განაც კი ათავისუფლებს. ამ ვითარებაში, როგორ ხედავთ თავისუფალი მედიის მხარდაჭერას საქართველოში?

ჩვენ გვინდა გავიგოთ საქართველოს მთავრობისგან: ორმხრივი შეთანხმებები, რომლებიც ჩვენ გავაფორმეთ, დღესაც მოქმედებს თუ არა? 

გვსურს დავრწმუნდეთ, რომ ის საფუძველი, რომელზეც 30 წელზე მეტია ვაფუძნებთ თანამშრომლობას – და რომელიც, განსაკუთრებით გერმანიის შემთხვევაში, ძალიან ფართო და ღრმაა – კვლავ შენარჩუნებულია. გერმანიის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოსთან გვაქვს ინტენსიური და მრავალმხრივი ურთიერთობა და ფინანსური დახმარების, გრანტების ან შეღავათიანი სესხების ძირითადი ნაწილი სწორედ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებზე მოდის.

ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, კვლავ ძალაშია თუ არა ეს საფუძველი, თუ საქართველოს მთავრობა ცვლის თანამშრომლობის პირობებს.

ამ ეტაპზე, ჩვენ არ გვაქვს პასუხი ამ საკითხებზე… ვკითხეთ, მაგრამ ჯერ პასუხი არ მიგვიღია.

მოდით ვნახოთ, რას მოიტანს შეხვედრა. არ ვიცი, არის თუ არა ეს ის ფორმატი, სადაც ასეთი ფუნდამენტური შეკითხვის პასუხის გაცემა მოხდება, მაგრამ ჩვენ დღეს სერიოზული კრიზისის წინაშე ვდგავართ – ურთიერთობა, რომელიც ძალიან კარგი იყო, ახლა მკვეთრად გაუარესდა.

ეს ძალიან გვწყინს. ჩვენ გვინდა დავუბრუნდეთ იმ დიდებულ პარტნიორობას, რაც გვქონდა – მაგრამ არა ნებისმიერ ფასად.

ჩვენ ველოდებით საქართველოს ხელისუფლების პასუხს, რათა შემდეგ უკვე ჩვენი პოზიციის გადახედვა შევძლოთ.

ჩვენ მოგვიწევს მოვარგოთ ჩვენი პოლიტიკა საქართველოს მიმართ იმ ქმედებებზე დაყრდნობით, რასაც საქართველოდან ვხედავთ.

შემიძლია მხოლოდ გავიმეორო ის, რაც უკვე არაერთხელ მითქვამს – საქართველოსგან არ წავსულვართ, საქართველოა, ვინც ჩვენგან გამორიყა.

ჩვენ გთავაზობთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს – და უკვე მოგანიჭეთ კიდეც. ეს არის უზარმაზარი ნდობის გამოცხადება – ნიშნავს, შემოდი ჩვენს სახლში, იყავი ჩვენი ოჯახის წევრი.

როდესაც „ოჯახზე“ ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირი არის სამართლებრივი სტრუქტურა წესებითა და ვალდებულებებით, რომელსაც ყველა მომავალი წევრი ქვეყანა უნდა მოერგოს.

და მაინც, ეს იყო ნდობის ძალიან დიდი ჟესტი საქართველოს მიმართ, რომელსაც, სამწუხაროდ, საქართველოს მხრიდან არ მოჰყოლია შესაბამისი პასუხი.

ახლა ჩვენ ველით გარკვევას – რა სურს საქართველოს ჩვენგან – და ამის შემდეგ დავისახავთ საკუთარ პოზიციას.

მაგრამ ჩვენი ძირეული კეთილი ნება კვლავ შენარჩუნებულია.

როდესაც ქვეყანა უერთდება ევროკავშირს, არ უერთდება მხოლოდ მთავრობა, არც მედია, არც პარლამენტი, არც პოლიცია, არც არასამთავრობო ორგანიზაციები. ევროკავშირში შედის მთელი ქვეყანა.

და სადაც არ უნდა წავიდე საქართველოში, ხალხი მეუბნება: „გმადლობთ პარტნიორობისთვის. გმადლობთ მეგობრობისთვის. ჩვენ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება. გვინდა, რომ ჩვენს პასპორტზე ეწეროს — European Union, Georgia.“

მეუბნებიან, „ჩვენ გვინდა ეს ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი შვილიშვილებისთვის.“

ეს შესაძლებლობა არსებობს. ეს შემოთავაზებულია. მაგრამ ამისთვის საჭიროა იყო ლიბერალური დემოკრატიის მიმდევარი. 

კიდევ რა რესურსია გერმანიის და ევროკავშირის ხელში, რომ დემოკრატიის გადარჩენა, შესაბამისად, საქართველოს დამოუკიდებლობის გადარჩენა მოხერხდეს? ერთ-ერთი მექანიზმი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გაუქმება. საქართველო, მის მოქალაქეებს ემუქრება ამ მექანიზმის ამოქმედება?

დიახ, ეს შესაძლებელია. შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლება – ეს არის პრივილეგია, რომელიც მსოფლიოს მხოლოდ ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს მინიჭებული.

ამ პრივილეგიის საფუძველი ისაა, რომ თქვენ ჩვენი მეგობრები ხართ – ლიბერალური დემოკრატია ხართ, სადაც დაცულია სიტყვის თავისუფლება, პრესის თავისუფლება, ადამიანის უფლებები და სხვა ძირეული ღირებულებები.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ ხდება ამ უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენება – ანუ, არ არსებობს არალეგალური მიგრაციის პრობლემები.

როგორც მოგეხსენებათ, ეს მექანიზმი ამჟამად გადახედვის პროცესშია – როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ისე ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ.

ჩვენ ამას არ ვისურვებთ. ჩვენ გვინდა, რომ ქართველ მოქალაქეებს შეეძლოთ თავისუფლად, ყოველგვარი ბარიერის გარეშე, სამთვიანი მოგზაურობა შენგენის ზონაში. " - განაცხადა "ბათუმელებთან" ინტერვიუში გერმანიის ელჩმა.