პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ერთ-ერთი კონსტიტუციური ინსტრუმენტია, რომელიც არის გათვალისწინებული როგორც საქართველოს, ისე პრაქტიკულად ყველა დემოკრატიული ქვეყნის კონსტიტუციით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„პირველ რიგში, ეს არის სამართლებრივი საკითხი. შესაბამისად, თუ ვინმეს სურს რაიმე კომენტარის გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით, უნდა გაეცნოს სარჩელს და მოგვიანებით – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ეს არის ჩვენი მოწოდება. ამ საკითხის პოლიტიზება არის თავისთავად პრინციპების, მათ შორის, ევროპული პრინციპების დარღვევა. ეს პარტიები როდესაც ითხოვენ ამ საკითხის პოლიტიზებას, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ სულისკვეთებაზე. ეს არ არის სწორი. ეს საკითხი არ უნდა იყოს პოლიტიზებული. პირველ რიგში, ყველა უნდა გაეცნოს სამართლებრივ ნიუანსებს, სარჩელის შინაარსს, შემდეგ – გადაწყვეტილების შინაარსს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გაკეთდეს სამართლებრივი შეფასებები და მერე ყველაფერი დანარჩენი.

რაც შეეხება ზოგადად პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, ეს არის ერთ-ერთი კონსტიტუციური ინსტრუმენტი, რომელიც არის გათვალისწინებული როგორც საქართველოს, ისე პრაქტიკულად ყველა დემოკრატიული ქვეყნის კონსტიტუციით. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ ასეთი წარმოების დაწყება ნიშნავს არადემოკრატიული პროცესების განვითარებას, რა თქმა უნდა, წმინდა წყლის სპეკულაციაა, მით უმეტეს, რომ არსებობს კონკრეტული – უკრაინის, მოლდოვისა და სხვა ქვეყნების პრაქტიკა, სადაც აიკრძალა პოლიტიკური პარტიები. ამ შემთხვევაში არავინ საუბრობს რაიმე დემოკრატიული პრინციპის დარღვევაზე. პირიქით, ეს არის დემოკრატიული პროცესი, ეს არის სამართლებრივი პროცესი. მთავარია, რომ ყველამ გაიაზროს სარჩელის შინაარსი და ამის საფუძველზე გააკეთოს სამართლებრივი კომენტარები ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა კობახიძემ.