ევროკავშირისთვის პრობლემის ნაწილი არის ის, რომ არ არსებობს რეალური უდავო მტკიცებულება, როდესაც საუბარია ფართო თაღლითობის ბრალდებებზე. არსებობს სკეპტიციზმი, რომ მმართველმა პარტიამ 54-პროცენტიანი მხარდაჭერა მოიპოვა არჩევნებზე, მაგრამ ეს მთლად შეუსაბამოც არ არის. უფრო რეალისტური ალბათ იქნებოდა სადღაც 40-დან 50 პროცენტამდე მხარდაჭერა, – ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სტატიაში წერს.
როგორც იოზვიაკი აღნიშნავს, ევროკავშირის ლიდერებს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის მეორე დღეს სიღრმისეულად უნდა განეხილათ საქართველოს საკითხი, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის ხელახალი არჩევა და ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, მარიო დრაგის პრეზენტაცია ბლოკის კონკურენტუნარიანობის შესახებ დომინირებდა.
იოზვიაკის განცხადებით, იმ დღეს საქართველო მხოლოდ ესტონეთისა და ლიტვის ლიდერებმა ახსენეს.
„იყო სხვა ნიშნებიც, რომ საკითხი უკვე უკანა პლანზეა გადაწეული. ევროპარლამენტში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ახალი ხელმძღვანელის, კაია კალასის მოსმენისას, საქართველო სამსაათიანი გამოსვლის დროს საერთოდ არ იყო ნახსენები. ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ახალმა კომისარმა, მარტა კოსმა ასევე არ ახსენა საქართველო მისი მოსმენის შესავალ სიტყვაში, მაგრამ ევროპარლამენტარის კითხვის შემდეგ მან თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რომელიც შეჩერებულია, შეიძლება განახლდეს, თუ მთავრობა გააუქმებს ახლახან მიღებულ და საკამათო „უცხოელი აგენტების“ კანონს და ანტი-ლგბტ კანონს“, – აღნიშნავს იოზვიაკი სტატიაში.
თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.