"ცხადია, ჩემზე თავდასხმა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და ეს არც დაუმალავს ბიძინა ივანიშვილის გაგრძელებას, "ხარებას", მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ ერთი ადამიანის წინააღმდეგ მიმართული ქმედება და ამგვარი ნაბიჯები ბარიერია ჩვენსა და ევროკავშირს, ჩვენსა და 14 მილიარდიან დახმარებას შორის", - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სპეცრაზმელთა მხრიდან მასზე თავდასხმის გამოძიებაზე
"18-19 წლის ბავშვებს ლამის თავის ქალა ახადეს და ამას გვაყურებინებდნენ პირდაპირ ეთერში და, მათ შორის, სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერებზე და აქტივისტებზე თავდასხმა ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად ყველაფერი პირდაპირ ეთერში, რომლებსაც არც კი მალავდა ივანიშვილის ხელისუფლება და უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი არადემოკრატიული ნაბიჯი აშორებს საქართველოს ევროკავშირისგან, იმ 14 მილიარდიან დახმარებასთან, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის არის მნიშვნელოვანი და ამ 14 მილიარდს მოჰყვება სამუშაო ადგილები და შესაბამისად, როცა ხელისუფლება არ იძიებს ასეთ საკითხებს, როცა ხელისუფლება არ არის დაინტერესებული ქვეყანაში თავისუფლებით, დემოკრატიით და დგამს ანტიდემოკრატიულ, რუსულ ნაბიჯებს, ეს პირდაპირ ეხება საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ვერ შეეხებიან იმ 14 მილიარდიან დახმარებას, რაც ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ექნება საქართველოს მოქალაქეებს. ის პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია გამოძიებასთან, პოლიტიკურ დევნასთან, მეასეხარისხოვანია იმასთან შედარებით, რომლებიც ასეთი ნაბიჯების შედეგად საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ და საქართველოს მოქალაქეებს პირდაპირ ეხებათ ჯიბეზე ის, თუ როგორ მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება. რაც შეეხება ჩემი საქმის გამოძიებას, სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ რაიმეს იძიებენ ან რაიმე მოქმედებებს ატარებენ, რადგან ეს ყველაფერი მოხდა პირდაპირ ეთერში, სატელევიზიო კომენტარის დროს, როდესაც ვნახე, რომ ახალგაზრდა ადამიანი გაიტაცეს და უსწორდებოდნენ, და ჩემზე თავდასხმაში უშუალოდ მონაწილეობდა "ხარება". შესაბამისად, ასეთი ნაბიჯებით კიდევ უფრო ვშორდებით იმ 14 მილიარდ ევროს, რომელიც უნდა მოხმარდეს საქართველოს მოქალაქეებს, რადგან ყოველი ასეთი გამოუძიებელი საქმე არის ბარიერი ჩვენსა და ამ 14 მილიარდიან დახმარებას შორის.
წარმოუდგენელი იყო იმ ფოტოსა და ვიზუალური მასალის შემდეგ, რაც გავრცელდა, დაზარალებულის სტატუსი არ მოეცათ, ამიტომ, უნდოდათ თუ არა ეს, მოუწიათ ამის გაკეთება, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ ყველაფრის შედეგად ზარალდებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კარგავენ იმ 14 მილიარდი ევროს დახმარებას, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ცხადია, რომ ჩემზე თავდასხმა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და ეს არც დაუმალავს ბიძინა ივანიშვილის გაგრძელებას, "ხარებას", რომელმაც ჯერ, სანამ ამას გააკეთებდა, პირდაპირ ეთერში დაიმუქრა და მერე, როცა უკვე განახორციელა ეს თავდასხმა, განაცხადა, რომ კიდევ აპირებდა და სხვებსაც იგივე მოუწევდა. საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა და მიუხედავად იმისა, რომ იქაურობა აღჭურვილია სათვალთვალო კამერებით, არ ვიცით, არის თუ არა ამოღებული მასალა, არადა, თავდასხმა ტელეკამერების წინ მოხდა და გრძელდებოდა 27 წუთის განმავლობაში. ცხადია, ეს იყო დაგეგმილი, მიზანმიმართული და არ იყო მხოლოდ ერთი ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი აქცია; ეს არის საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი მოქმედებები, რომლითაც საქართველო შორდება ევროკავშირს. მე ერთადერთი მოლოდინი მაქვს, რომ ქართველი ხალხი პასუხს გასცემს 26 ოქტომბერს ამ ხელისუფლებას და ეს ხელისუფლება დამთავრდება, მაგრამ რომ გითხრათ, რომ რაიმე შურისძიება მამოძრავებს, არ იქნება მართალი, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის კეთილდღეობა, ევროპული მომავალი და, დარწმუნებული ვარ, ისინი, ვინც ახალგაზრდებს იტაცებდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ, აუცილებლად აგებენ კანონის წინაშე პასუხს", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა