სამტრედიის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად გრძელდება.
ბაშის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამასთან, ბაშის ადმინისტრაციულ ერთეულში სრულად რეაბილიტირდა კულტურის ცენტრი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას განახლებულ, თანამედროვე და კომფორტულ გარემოში სხვადასხვა კულტურული და საზოგადოებრივი ღონისძიების გამართვის შესაძლებლობას მისცემს.
მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, პირველ მოადგილე ამირან თევდორაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
„მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად ვაგრძელებთ ადმინისტრაციული შენობებისა და საზოგადოებრივი სივრცეების განახლებას. ჩვენი მიზანია, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას თანამედროვე, მოწესრიგებული და კომფორტული გარემო შევუქმნათ. სადაც ადმინისტრაციული შენობები რეაბილიტაციას საჭიროებს, ეტაპობრივად ყველგან განხორციელდება შესაბამისი სამუშაოები. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება,“ — განაცხადა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ.