საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, შინაგან საქმეთა მინისტრ გეკა გელაძესთან ერთად, შსს მიგრაციის დეპარტამენტს ეწვია, თანამშრომლებს შეხვდა და ახლად აშენებული, თანამედროვე სტანდარტების ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერა.
1900 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებული ორსართულიანი, ადმინისტრაციული შენობა 150 თანამშრომელზეა გათვლილი და მოიცავს უახლესი ინვენტარით აღჭურვილ სამუშაო ოთახებსა და ადმინისტრაციული წარმოებისთვის განკუთვნილ პროცედურულ სივრცეებს. შენობაში ფუნქციონირებს დაქტილოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური მონაცემების აღებისთვის, შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი ოთახი, ასევე თავშესაფრის მაძიებელთა მისაღები სივრცე. შენობა, ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროექტის ღირებულება 7 მლნ ლარამდეა და ის სრულად დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
მიგრაციის დეპარტამენტში სტუმრობისას, გეკა გელაძემ პრემიერ-მინისტრს სტრუქტურული დანაყოფის სამუშაო სპეციფიკა გააცნო და ხაზი გაუსვა იმ მასშტაბურ რეფორმებს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, ბოლო პერიოდში, განხორციელდა. მისი თქმით, გასულ წელს, აჭარის რეგიონში შეიქმნა უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველო, გაიზარდა დეპარტამენტის საშტატო ერთეული და თანამშრომელთა ანაზღაურება, განახლდა ავტოპარკი.
მიღწეული შედეგების შეჯამებისას, მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ გაძლიერებულმა საკანონმდებლო ჩარჩომ, თანამედროვე ინფრასტრუქტურამ და ინსტიტუციური მექანიზმების გაუმჯობესებამ, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტიანი გახადა.
გეკა გელაძემ ყურადღება ასევე გაამახვილა მიგრაციის დეპარტამენტის კიდევ ერთ ინფრასტრუქტურულ პროექტზე – მიმდინარეობს დროებითი განთავსების ცენტრის სრულმასშტაბიანი რეკონსტრუქცია, რომელიც წელს დასრულდება. ცენტრი გათვლილი იქნება 150 დაკავებულ არალეგალ პირზე. პროექტის ღირებულება 4 მლნ ლარზე მეტია.
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. სტატისტიკური მონაცემებით, 2025 წელს ქვეყნიდან გაძევებულია 1300-ზე მეტი არალეგალი მიგრანტი, რაც 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 207%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ მიგრაციის დეპარტამენტმა გასული 1 წლის განმავლობაში იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გააძევა ქვეყნიდან, ვიდრე ჯამურად ბოლო 10 წლის განმავლობაში.
პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებს შედეგზე ორიენტირებული, წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის მიმართულებით წარმატებები უსურვეს.




