საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც გვარდიის მეთაური, გენერალ-მაიორი რიჩარდ ვილსონი
ხელმძღვანელობს.
მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს. გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა გენერალ-მაიორ რიჩარდ ვილსონს აშშ-ის მხრიდან გაწეული პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო პროგრამას - „პარტნიორობა
ქვეყნებს შორის“, ასევე მრავალეროვნულ სწავლებებში ქართველი და ამერიკელი სამხედროების მონაწილეობის საკითხს.
აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაციას, რომელიც თბილისში საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიისა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის 30-წლიანი თანამშრომლობის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით იმყოფება, ასევე უმასპინძლა ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ; შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიას შორის არსებულ მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობას. ამერიკული მხარე ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფებსაც ესტუმრა.
დღესვე, თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ თავდაცვის ატაშის, პოლკოვნიკ ჯოზეფ ბილბოსა და ვიცე-პოლკოვნიკ ეროლ მუნირის დაჯილდოებისა და გაცილების ცერემონია გაიმართა. საზეიმო ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი
მათიაშვილი და აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი დაესწრნენ.