ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ბატონ პაატა ბურჭულაძეს, გვაქვს მასთან აზრთა ურთიერთგაცვლა, – ასე უპასუხა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რატომ არ ჩანს „ლეიბორისტული პარტია“ სალომე ზურაბიშვილის პლატფორმაზე ან პაატა ბურჭულაძესთან, იყო თუ არა მათი მხრიდან შემოთავაზება და სად არის პირველი ლეიბორისტი, რომლის ოფისის უკანა ეზოც ერთ დროს ოპოზიციის მთავარი თავშეყრისა და პოზიციების გაზიარების ადგილი იყო.

მისივე თქმით, ფანჩატურად წოდებულმა პარტიულმა ფორმატმა 4 წლის წინ ხელისუფლება ჩამოშლამდე მიიყვანა.

„რაც შეეხება ფორმატებს, თქვენ აქ შემთხვევით არ აღნიშნეთ და სწორად მიუთითეთ ფანჩატურად წოდებული ის უდიდესი პარტიული ფორმატი, რომელმაც ეს ხელისუფლება 4 წლის წინ ჩამოშლამდე მიიყვანა. ის ცნობილი პარლამენტში შევარდნა რომ არ ყოფილიყო, შარლ მიშელის დეკლარაციაზე ხელმოწერა და, ფაქტობრივად, აწყობილი საქმე, უკვე პიკზე აყვანილი, ჩამოიშალა და ახლა გახდა ქვეყნის და მსოფლიოს სატკივარი ამ ჯოჯოს მოცილება, რასაც წარმოადგენს პუტინისტური რეჟიმი“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რატომ ვერ შედგა ოპოზიციის ერთობა, დღეს რას ფიქრობს პირველი ლეიბორისტი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ოპოზიციის ერთობის მნიშვნელობაზე საუბრობდა და რა არის წყალგამყოფი საკუთარ კოლეგებთან, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ, საერთოდ, მოქმედების სტრატეგიას პოლიტიკოსი კი ვერ ქმნის, არამედ ცხოვრება კარნახობს და პროცესები, რაც საზოგადოებაში დუღს.

„მაშინ, როდესაც ეს საჭირო იყო, მრავალპარტიული ფორმატი, ჩვენ ეს გავაკეთეთ, ახლა აღარ ვთვლით საჭიროდ, რომ ამ მრავალპარტიული შეკრებებით მივაღწიოთ მიზანს, რადგანაც მიზანი ისედაც მიღწეული იქნება. მთელი მსოფლიოს დემოკრატიული ზეწოლა ვაშინგტონიდან, ლონდონიდან, პარიზიდან, ბრიუსელიდან, ჩვენი ხალხის პროტესტის ფონზე, „ლეიბორისტული პარტიისგან“ დაწყებული სასანქციო პოლიტიკით, ხელისუფლებას ძალიან მალე მოახრჩობს და ხელისუფლების შეცვლა იქნება რეალობა“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

შეკითხვაზე, რამდენად აქვს ოპოზიციას რესურსი, რომ ახალ არჩევნებზე განსხვავებული შედეგები მიიღოს, როგორ ხედავს სალომე ზურაბიშვილის თუ პაატა ბურჭულაძის როლს ოპოზიციურ სპექტრში და რატომ არის გამორიცხული, „ლეიბორისტული პარტიის“ ირგვლივ შემოიკრიბოს ოპოზიცია, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ "ჩვენ ქვეყანაში უნდა აშენდეს პარტიული სისტემები და არა არჩევნების წინ შექმნილი ბლოკებისა და კოალიციების იმედზე იყვნენ, რომლებიც ივაჭრებენ, სიებში ადგილებს გაიყოფენ, პარლამენტში შევლენ, დაიშლებიან და ისევ ახალ წრეზე წავლენ."

შეკითხვაზე, საუბრობს თუ არა ამაზე საკუთარი გამოცდილებით, ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ „ლეიბორისტული პარტია“ ერთადერთი პარტიაა საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც არასოდეს არ ყოფილა ვინმესთან პარტიულ ბლოკში და კოალიციაში.

როგორც ნათელაშვილმა აღნიშნა, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეკრება იყო მიზნის მისაღწევი საშუალება, რათა ივანიშვილი ჩამოემხოთ და მივიდნენ ჩამომხობის დონემდე, მაგრამ იმ დროს ვერ მოახერხეს საერთაშორისო სოლიდარობის იმ მასშტაბზე აწევა, რაც დღეს არის.

„გეტყვით, ვინ გვიშლიდა ხელს. უპირველესად, ჩვენი პოლიტიკური უმწიფრობა. ის გვიშლის ხელს, რომ ძალიან ბევრი პოლიტიკაში ისეა მოსული, რომ არ აქვს გაცნობიერებული თავისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ელოდება მითითებას იმისგან, იმისგან, და აღარ მინდა, ახლა ვთქვა, რომ ვაჭრობას და კიდევ სხვა რაღაც-რაღაცებს. რაც მთავარია, გარედან არ იყო მხარდაჭერა ასეთი. იმავე ვაშინგტონმა მაშინ მხარი დაუჭირა ხელისუფლებას, ბრიუსელმაც შარლ მიშელის სახით ხელისუფლებას უმღერა ჰანგი და მოაწერინეს ხელი ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტში შესვლაზე. ერთ თვეში უკვე ჩამოდიოდა თბილისში ბლინკენი, სახელმწიფო მდივანი და დაინიშნებოდა ახალი არჩევნები, რომ არ ეჩქარათ და რომ არ აცქმუტებულიყვნენ“, – განაცხადა ნათელაშვილმა.