ჩვენ წმინდა გიორგის დღესასწაულს განსაკუთრებულად აღვნიშნავთ საქართველოში, ვინაიდან წმინდა გიორგი იყო მებრძოლი მხედარი, ქრისტესთვის თავდადებული წმინდანი. ჩვენთვის წმინდა გიორგი იყო ყოველთვის ის წმინდანი, რომელსაც მივმართავდით  ყოველ ბრძოლაში, ხილულ, თუ უხილავ ბრძოლაში, ჩვენი თანადგომისთვის. ის იყო, ვინც ჩვენს ერთობას ამტკიცებდა.  – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბოდბის დედათა მონასტერში მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"დღეს განსაკუთრებული დღეა, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ გიორგობას ადგილას, სადაც განისვენებს მოციქულთა სწორი, წმინდა ნინო, ქართველი ერის განმანათლებელი, ქართული სახელმწიფოს ქრისტიანობაზე მომქცევი.

წელს მთელი ერი აღვნიშნავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. ამ წლის განმავლობაში ჩატარდა ბევრი ღონისძიება. ჩვენც გახლდით ბევრ ეპარქიაში, მოვილოცეთ იქაური სიწმინდეები და ყველგან ვნახეთ მტკიცე ეკლესია, სარწმუნეობაში განმტკიცებული ხალხი, საზოგადოება და ის ერთობა, რომელიც წლევანდელ წელს გამოარჩევდა. ერთობა ჩვენი წმინდა პატრიარქის ილია მეორის განსაკუთრებული სალოცავი და საზრუნავი იყო. ის დღეები, როდესაც  ჩვენ ყველა ვემშვიდობებოდით ჩვენს პატრიარქს, იყო ბეჭდის დასმა ქართველი ერის ერთობისა, ქრისტეს ეკლესიაში ქართველი ხალხის ერთობისა. ამ ერთობის ნაწილი არის საქართველოს ეკლესიის და სახელმწიფოს ერთობა, ის სინერგია, რომელიც ამ ორ საწყისს, ამ ორ საყრდენს უნდა ახასიათებდეს და რომლისთვისაც იღვაწა ილია მეორემ. არ იყო დაწერილი, რანაირად უნდა მოქცეულიყო ერი თუ ბერი იმისთვის, რომ ეს სინერგია შემდგარიყო. ეს ყველაფერი ილია მეორემ თავისი ქცევით, თავისი ბრძნული გადაწყვეტილებებით გვაჩვენა და ყველა რთული პერიოდი ჩვენი საზოგადოების ცხოვრებისა, ბრძნულად გამოგვატარა. დღეს უფრო იოლია ამ გზის გავლა, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ილია მეორის მაგალითი, საჭიროა, უბრალოდ დავფიქრდეთ, როგორ მოიქცეოდა ილია მეორე ამა თუ იმ ვითარებაში, მით უმეტეს, რომ მას ყველა ასეთი ვითარება გამოვლილი აქვს, როგორ მოიქცეოდა ის თავად, როგორც ბერის წარმომადგენელი და როგორი მოლოდინი ექნებოდა მას ჩვენ მიმართ, როგორც ერის წარმომადგენლების. საჭიროა, მხოლოდ დავფიქრდეთ და უბრალოდ მივბაძოთ, სხვას თუ ვერაფერს შევძლებთ.

ჩვენ წმინდა გიორგის დღესასწაულს განსაკუთრებულად აღვნიშნავთ საქართველოში, ვინაიდან წმინდა გიორგი იყო მებრძოლი მხედარი, ქრისტესთვის თავდადებული წმინდანი. ჩვენთვის წმინდა გიორგი იყო ყოველთვის ის წმინდანი, რომელსაც მივმართავდით  ყოველ ბრძოლაში, ხილულ, თუ უხილავ ბრძოლაში, ჩვენი თანადგომისთვის. ის იყო, ვინც ჩვენს ერთობას ამტკიცებდა.

ჩვენი პატრიარქი ილია მეორე ასევე ხშირად ამბობდა – ეშმაკი ყოფს, ღმერთი აერთიანებს. ეს არის ჩვენი მთავარი ანდერძი, რომელიც მან დაგვიტოვა, ჩვენი ერთობა, ჩვენი ერის ორი საყრდენის, საქართველოს ეკლესიის და სახელმწიფოს ერთობა. ამ ორი საყრდენის სიძლიერეში და სიმტკიცეში, გაზიარებულ პასუხისმგებლობაშია ჩვენი ერის წარსულის გახსენება, ჩვენი აწმყოს გააზრება და ჩვენი ერის მომავლის იმედი. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ გიორგობას. წმინდა გიორგის მადლი ფარავდეს, მისი რწმენა ამტკიცებდეს ჩვენს რწმენას და აძლიერებდეს ჩვენს ერთობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.