დღეს სკოლაში დამამთავრებელი კლასისთვის ბოლო ზარი დაირეკა. სკოლის დამთავრება თქვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპია, დასასრული ბავშვობისა და მოზარდობისა, კარიბჭე და დასაწყისი ახალი, ზრდასრული ცხოვრებისა, ახალი იმედით, სიხარულით და მოლოდინით. - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ეს არის მომენტი, როდესაც თქვენ იწყებთ არჩევანის გაკეთებას, თუ როგორ გააგრძელოთ ცხოვრება, სად მიიღოთ შემდგომი განათლება, რა ისწავლოთ, სად იშრომოთ, რა პროფესია გსურთ შეიძინოთ, რომელი ოცნება აიხდინოთ.
დღევანდელ ცვალებად სამყაროში კიდევ უამრავი ცხოვრებისეული არჩევანის გაკეთება და ნაბიჯის გადადგმა მოგიწევთ და ეს გზა იწყება დღეს.
ყველას გილოცავთ ამ დღეს, მნიშვნელოვან მომენტს. გისურვებთ, რომ დღევანდელი დღის სიხარული და სილაღე თქვენი მთელი ცხოვრების თანამდევი ყოფილიყოს. გისურვებთ, არ დაგეკლოთ მონდომება და ძალისხმევა თქვენს მიერ არჩეულ ასპარეზზე, პირად თუ საზოგადო სარბიელზე, გამოადგეთ ოჯახს, სამშობლოს და ქვეყანას." - წერს შალვა პაპუაშვილი.