„საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისას ემოციებისა და სპეკულაციის ნაცვლად ფაქტებსა და მტკიცებულებებს უნდა დავეყრდნოთ. მით უფრო ბავშვების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება პოლიტიკური მანიპულაციის საგანი არ უნდა გახდეს“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის საკრებულოს წევრი შოთა ქევხიშვილი თბილისის საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას რამდენიმე დღის წინ ბაღების სააგენტოს წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას.
საკრებულოს წევრის განცხადებით, ყველას კარგად ახსოვს რამდენიმე დღის წინ სააგენტოს რეპუტაციის შელახვისა და საზოგადოებაში პანიკის დათესვის მიზნით თუ როგორი დაუსაბუთებელი ბრალდებები ისმოდა ამ უწყების მიმართ.
„ამ კამპანიაში ჩართული იყვნენ ცალკეული პოლიტიკოსები, ჟურნალისტებად წოდებული პირები, თვითმარქვია ექსპერტები და სხვები, რომლებიც ყველაზე მგრძნობიარე თემით - ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობით - სპეკულირებდნენ. არადა, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გუშინ გამოქვეყნებული საბოლოო დასკვნის თანახმად, აღებული 694 ნიმუშიდან დარღვევა არც ერთში არ გამოვლენილა და შემოწმებული საკვები პროდუქტები ბავშვთა უსაფრთხოებისთვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი იყო“, - განაცხადა შოთა ქევხიშვილმა სხდომაზე.
საკრებულოს წევრის განცხადებით, მიუხედავად აჟიოტაჟისა, ბაღების სააგენტოს საქმიანობამ და მისმა ორგანიზებულად მუშაობამ საზოგადოებას აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია გამართული სისტემის არსებობა, პასუხისმგებლობის მაღალი შეგნება და თითოეული თანამშრომლის ყოველდღიური შრომა.
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე შოთა ქევხიშვილი შეეხო ასევე დედაქალაქის მერიის პროგრამას „ისწავლე და დასაქმდი“, მან განაცხადა, რომ ეს პროექტი მოქალაქეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნასა და თითოეული ადამიანის პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
„პროექტის წარმატებასა და მის საჭიროებაზე მეტყველებს ისიც, რომ ამ დრომდე 17 ათასზე მეტი მოქალაქეა გადამზადებული და კურსდამთავრებულთა 75% დასაქმებულია. განსაკუთრებით აღსანიშნავია პროგრამის ფარგლებში მოქმედი ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი - ანაზღაურებადი პრაქტიკა და 22 ახალი პროფესიული კურსი, რომლებიც თანამედროვე საჭიროებებს არის მორგებული. მინდა მოვუწოდო ყველა მოქალაქეს, დროულად გაეცნონ პროგრამის პირობებს და გამოიყენონ ეს შესაძლებლობა“, - განაცხადა შოთა ქევხიშვილმა.