საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი პირის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 იანვარს, საღამოს საათებში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში, ერთ-ერთი ბრალდებულის კუთვნილი ავტომანქანიდან ბრალდებულებმა შურისძიების მოტივით, ორი პირის მიმართ, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელეს. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. ასევე, ბრალდებულებმა საფრთხე შეუქმნეს შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. შემთხვევის ადგილიდან ბრალდებულები იმავე ავტომობილით მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 25-26 იანვარს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ (მკვლელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას), „ი“ (მკვლელობა ჯგუფურად) და „ლ“ (მკვლელობა ორი პირის) ქვეპუნქტებით, ასევე 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს." - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.