საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ხალხის ძალის“ ლიდერმა სოზარ სუბარმა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ციხეში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის პერიოდში შემოღებული ჰქონდათ კრიმინალური ავტორიტეტებით ციხეების მართვის სისტემა და წელიწადში ორჯერ ე.წ. „ქურდულ სხოდკას“ აწყობდა ციხის ადმინისტრაცია N6 დაწესებულებაში.
„ვითომ ბრძოლა რომ იყო სააკაშვილის პერიოდში კრიმინალურ სამყაროსთან, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან, სინამდვილეში ეს იყო პირიქით, სწორედ ამ კრიმინალური ავტორიტეტებით ციხეების მართვის სისტემა ჰქონდათ შემოღებული და განსაკუთრებით როცა გავხდი სასჯელაღსრულების მინისტრი ამისი ბევრი მაგალითი ამოვიღეთ, გვარებს არ ვასახელებ, არ მინდა ვიღაცა გახდეს მსხვერპლი, იმიტომ, რომ შეიძლება ამას მოჰყვეს სისხლიანი შურისძიებები თვითონ იმ სამყაროში, მაგრამ ამოვიღეთ ძალიან ბევრი მასალა, სადაც გამოჩნდა ასეთი რამ, რომ წელიწადში ორჯერ შეკრებას, რასაც უწოდებდნენ ე.წ. „ქურდულ სხოდკას“ აწყობდა ციხის ადმინისტრაცია N6 დაწესებულებაში. ეს ხდება მას შემდეგ, რაც N6 დაწესებულება გაიხსნა. მოჰყავდათ ყველა დაწესებულებიდან ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები და იქ აძლევდნენ დავალებებს და ამით ხდებოდა ციხეების მართვა, იმ სისასტიკის ზემოთ, რასაც რეჟიმი აკეთებდა. წარმოუდგენელი ვითარება იყო ციხეებში და მინდა შევეხო ალექსანდრე მუხაძეს, „ქილერას“, რომელიც ორჯერ იყო დაჯილდოებული სააკაშვილის მიერ და დღეს ეს ადამიანი არის პოლიტიკური ძებნილის სტატუსით უკრაინაში და ზელენსკის ჰყავს შეფარებული თავისი კალთის ქვეშ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.