თურქეთის ქალაქი სტამბოლი 2027 წელს მნიშვნელოვან საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებს უმასპინძლებს. ქალაქში გაიმართება ესპანეთის სუპერთასი (Supercopa de España), რომელიც 2-დან 6 თებერვლამდე გაგრძელდება.

ტურნირში ესპანური ფეხბურთის ოთხი გამორჩეული კლუბი - რეალ მადრიდი, რეალ სოსიედადი, ბარსელონა და ატლეტიკო მადრიდი მიიღებს მონაწილეობას. ოთხგუნდიან ტურნირში ორი ნახევარფინალი და ფინალი გაიმართება. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ 2027 წლის ესპანეთის სუპერთასი თურქეთში პირველად ჩატარდება და ესპანეთის შემდეგ თურქეთი ტურნირის მასპინძელი მხოლოდ მეორე ქვეყანა იქნება.

ტურნირის ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია 17 სექტემბერს, სტამბოლში, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციაში  გაიმართა. ღონისძიებას თურქეთისა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციების, ასევე სპორტისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

მატჩების განრიგი

პირველ ნახევარფინალში რეალ სოსიედადი რეალ მადრიდს შეხვდება, მეორე ნახევარფინალში კი ბარსელონა ატლეტიკოს დაუპირისპირდება.

პირველი ნახევარფინალი 2 თებერვალს ჩობანის სტადიონზე - შუქრუ სარაჯოღლუს სპორტულ კომპლექსში გაიმართება, მეორე კი 3 თებერვალს ტუპრაშ ბეშიქთაშის სტადიონზე.

ფინალი 6 თებერვალს RAMS Park-ზე, ალი სამი იენის სპორტულ კომპლექსში ჩატარდება. სამივე საგულისხმოა ისიც, რომ სტადიონის საერთო ტევადობა დაახლოებით 144 ათასი მაყურებელია.

სტამბოლი - სპორტისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი

სტამბოლს დიდი საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მასპინძლობის გამოცდილება აქვს. მაგალითად, ქალაქში უკვე ჩატარდა უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალები 2005 და 2023 წლებში, ასევე უეფას ევროპა ლიგის ფინალი 2026 წელს.

ესპანეთის სუპერთასის ჩატარება ქალაქის საერთაშორისო სპორტულ კალენდარს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებით შეავსებს.

ცხადია,  ტურნირის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მატჩებთან ერთად სტამბოლიც დაათვალიერონ. ქალაქში მათ შეუძლიათ მოინახულონ აია-სოფია და ბაზილიკის ცისტერნა, გაისეირნონ ბოსფორზე, დაათვალიერონ კულტურული ღირსშესანიშნაობები და ისარგებლონ ქალაქის მრავალფეროვანი სამზარეულოთი. საგულისხმოა, რომ სტამბოლი ცნობილია როგორც საერთაშორისო ტურისტული და გასტრონომიული მიმართულება.