ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება და წყლის ნაკადის მკვეთრი მატება გამოიწვია. სტიქიურმა პროცესებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაბა ნარუჯის წყალმომარაგების სისტემას.
ძლიერმა ნაკადმა სატუმბი სადგურის საძირკველი გამორეცხა, რის შედეგადაც ობიექტი ნაწილობრივ წყლით დაიფარა და მისი უსაფრთხო ექსპლუატაცია შეუძლებელი გახდა. ამასთან, დაზიანებულია სადგურის შემსვლელი და გამსვლელი მილსადენები, რაც სისტემაში წყლის მიღებასა და ქსელში მიწოდებას აფერხებს.
დაზიანების მასშტაბიდან და რთული ჰიდროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, აღდგენითი სამუშაოები რამდენიმე ეტაპს მოიცავს: წყლის დონის შემცირებასა და ობიექტთან უსაფრთხო მისასვლელის უზრუნველყოფას, ტერიტორიის გაწმენდას, სატუმბი სადგურისა და მილსადენების ტექნიკური მდგომარეობის შეფასებას, დაზიანებული მონაკვეთების აღდგენასა და სისტემის ეტაპობრივ გამოცდას.
ადგილზე მობილიზებულია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და შესაბამისი ტექნიკა. სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა მათი უსაფრთხოდ და სრულყოფილად შესრულების ტემპი მდინარეში წყლის დონესა და მეტეოროლოგიურ პირობებზეა დამოკიდებული.
შექმნილი ვითარების გამო, წყალმომარაგება დროებით შეზღუდული აქვს დაბა ნარუჯის მოსახლეობას. ცენტრალიზებული წყალმომარაგების სრულ აღდგენამდე მოსახლეობას სასმელი წყალი წყალმზიდების საშუალებით მიეწოდება.
კომპანია მუშაობს დაზიანებული ინფრასტრუქტურის უმოკლეს ვადაში აღსადგენად. სამუშაოების მიმდინარეობისა და წყალმომარაგების აღდგენის სავარაუდო ვადის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია დამატებით ეცნობება. - ნათქვამია წყალმომარაგების კომპანიის გავრცელებულ ინფორმაციაში United Water Supply Company