თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულს გაეცნო, როგორც ერთ-ერთი კომპანიის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში და მას გათბობის სისტემების შეძენაზე, ასევე მონტაჟის მომსახურებაზე შეუთანხმდა, დაზარალებულს კომპანიის ანგარიშზე 136 000 ლარი ჩაარიცხინა, რაც სრულად მიისაკუთრა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა. - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.