ღონისძიება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო დღეს ეძღვნება, რომელსაც UNESCO ყოველწლიურად აღნიშნავს.
ღონისძიების გახსნას კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა დაესწრო.
„შემთხვევითი არ არის, რომ „ცოცხალი მემკვიდრეობის დღეების“ პირველი ღონისძიების თემა სწორედ ქსოვილის ტრადიციებია. მრავალი საუკუნის განმავლობაში ტექსტილის ტრადიციები - იქნება ეს ქსოვა, ქარგვა, თექის დამზადება თუ ბუნებრივი საღებავებით ღებვა - ჩვენი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს.
დღეს ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ამ მდიდარი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება, არამედ მისი როლის ახლებურად გააზრება თანამედროვე სამყაროში. ტექსტილი დღეს შემოქმედებითი ეკონომიკის ძლიერი მამოძრავებელი ძალაა, სადაც ტრადიციული ცოდნა და ოსტატობა ერწყმის თანამედროვე დიზაინსა და ინოვაციებს“, - აღნიშნა ნათია შამათავამ.
„ცოცხალი მემკვიდრეობის დღეები“, 22-24 ოქტომბერს, კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოში პირველად იმართება. წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემა ტექსტილია. კონფერენციებში ქართველი და უცხოელი დარგის ექსპერტები მონაწილეობენ, მათ შორის, იტალიიდან, ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან, უზბეკეთიდან და აზერბაიჯანიდან. გაიმართება მასტერკლასები და დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში.
ქართული ქსოვილის ტრადიციებსა და ისტორიასთან ერთად, აუდიტორია ქსოვილის მიმართულებით არსებულ თანამედროვე გამოცდილებასაც გაეცნობა. ამას გარდა, ღონისძიების მონაწილეებს ტრადიციული ქსოვილის რეინტერპრეტირების მიმართულებით საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ ღონისძიების მონაწილე მკვლევრები და პრაქტიკოსები.
ღონისძიების მიზანი ტრადიციული ქსოვილის დაცვის, შენარჩუნებისა და განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით რეწვის ოსტატთა პროფესიული უნარების გაძლიერება და თანამედროვე ბაზარზე ტექსტილის რეწვის, როგორც ცოცხალი კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების ინტეგრაციის ხელშეწყობაა.