პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

 სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 18 თებერვალს, თბილისში, ბრალდებულმა გიორგი პაპაშვილმა მისსავე მფლობელობაში არსებულ ბინაში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თამაზ მთივლიშვილს, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა სახისა და თავის არეში, ასევე, ბოსტნეულის საჭრელი ხის დაფა ძლიერად ჩაარტყა თავში. აღნიშნულის შემდეგ წაქცეულ მდგომარეობაში მყოფ მთივლიშვილზე ბრალდებულმა კვლავ იძალადა ფიზიკურად, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები, რის შედეგადაც თამაზ მთივლიშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

 2026 წლის 2 თებერვალს ბრალდებული ექსტრადირებულ იქნა საქართველოში. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა.

 თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.