2004-2005-2006 წლები ძალიან მნიშვნელოვანი წლები იყო ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით არსებული პოლიტიკის განსაზღვრისა თუ განხორციელების ნაწილებში. ჩვენ ვიცით და დოკუმენტურად არის დადასტურებული, რომ სამხედრო ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიმართულებით ძალიან სერიოზული შეცდომები - რბილად ვსაუბრობ, იყო დაშვებული მინისტრ ოქრუაშვილის მმართველობის პირობებში. ბატონი პაატა დავითაიაც ადასტურებდა წეღან, რომ არაფერი გაკეთებულა სამოქალაქო თავდაცვის სისტემის შემუშავების მიმართულებით, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, გრიგოლ ვაშაძეს განუცხადა, რომელიც კომისიის სხდომაზე იმყოფება.

თეა წულუკიანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მიზანმიმართულად იდგმებოდა ნაბიჯები ყველა იმ ინიციატივის ჩასახშობად, რომელიც ხალხებს შორის ნდობის აღდგენას ისახავდა მიზნად, ხოლო, თანამდებობიდან იხსნებოდნენ ის პირები ან საეჭვო ვითარებაში იღუპებოდა პრემიერ-მინისტრი, რომლებიც ცნობილი იყვნენ სამშვიდობო ინიციატივებით.

მან მიმართა გრიგოლ ვაშაძეს, რომ იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს "ნაციონალურ მოძრაობაში" ორი ფრთა იყო, რომელთაგან დიდი უმრავლესობა იარაღის ძალით ტერიტორიების დაბრუნებას ემხრობოდა, ხოლო, მეორე, პატარა ჯგუფი, იარაღის გარეშე, მშვიდობიანი გზით მოსახლეობის შერიგებამდე მისვლის მომხრე იყო. წულუკიანმა მაგალითად მოიყვანა 1994 წლის შეთანხმება, რომელიც გულისხმობდა კოდორის ხეობაში ყველა სახელმწიფოს მხრიდან მძიმე ტექნიკის შეყვანის აკრძალვას და აღნიშნა, რომ ეს პატარა ჯგუფი მსგავსი შეთანხმებების დაცვას უჭერდა მხარს.

"მიზანმიმართულად იდგმებოდა ნაბიჯები ყველა იმ ინიციატივის ჩასახშობად, რომელიც მიზნად ისახავდა კონფლიქტგამოვლილ ხალხს შორის ნდობის აღდგენას და გაძლიერებას, იხსნებოდნენ თანამდებობიდან ის მინისტრები და თანამდებობის პირები და საეჭვო ვითარებაში კვდებოდა პრემიერ-მინისტრი, რომლებიც ცნობილი იყვნენ სამშვიდობო რიტორიკით, სამშვიდობო ინიციატივებითა და მიდგომებით და ჩვენ ვხედავდით თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ვგულისხმობ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ დღეს ჩვენს წინაშე და პარტიის თავმჯდომარეც ბრძანდებოდით, იყო თითქოს ორი ფრთა: დიდი უმრავლესობა, რომელიც იარაღის ჟღარუნით იყო დაკავებული - გულწრფელად სწამდათ, ეს შედეგს მოიტანდა თუ არა, ამაზე მოდით, დღეს ნუ ვიდავებთ და მეორე, ძალიან პატარა ჯგუფი, რომელსაც გია ბარამიძემ ბევრჯერ ილუზია და სისულელე უწოდა, მორწმუნეობრივად მიილტვოდა იქით, რომ როგორმე იქნებ სამხედრო დაპირისპირების ნაცვლად, გავამრავლოთ ინიციატივები, არ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც მაგალითად, 1994 წლის შეთანხმების შინაარსი, როდესაც საქართველოს, რუსეთს და ყველას აეკრძალა დალის (კოდორის) ხეობაში მძიმე ტექნიკის შეყვანა - რომ დაგვეცვა ეს შეთანხმებები და როგორღაც მივსულიყავით ერთმანეთთან შერიგებამდე, იარაღის გარეშე. ასეთ დოკუმენტურად ასეთი დასკვნის გაკეთება შეიძლება იმდროინდელ მმართველობის პერიოდთან.

ის პირველი, ყველაზე დიდი ჯგუფი, რომელიც იარაღის ძალით დაბრუნებას ემხრობოდა და შლიდა მიზანმიმართულად ყველა სამშვიდობო ინიციატივას,ჩვენ გვახსოვს "ნაციონალური მოძრაობის", თქვენი ყოფილი პარტიის შეკრებაც, თუ არ ვცდები, 2005 წელი იყო, სადაც პირდაპირ აიკრძალა აფხაზებთან თუ ოსებთან ყველანაირი შეხვედრა ევროპის დედაქალაქებში. ვუბრუნდები კითხვას - ამ ყველაფრის, რაც ახლა მოვყევი, ნაბიჯ-ნაბიჯ რაც ხდებოდა, თქვენ, როგორც მინისტრი, მინისტრის მოადგილე, როგორ ფიქრობთ, ხომ არ იყო 2008 წლის 21 თებერვალი სწორედ ამის შედეგი?" - მიმართა თეა წულუკიანმა გრიგოლ ვაშაძეს.

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო სხდომაზე დღეს განიხილავენ 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და 2008 წლის აგვისტოს ომს. კომისიის წევრებმა უკვე მოუსმინეს პაატა დავითაიას, რომელიც 2008 წელს შექმნილ პარლამენტის დროებით კომისიას ხელმძღვანელობდა და მიხეილ ქარელს, რომელიც 2004-2007 წლებში შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას იკავებდა.