საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის 42-ე კმ-ზე მეწყერის შედეგად დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა-გამაგრებისა და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნულ მონაკვეთზე განვითარებულმა მეწყრულმა პროცესებმა გზის სავალი ნაწილი მნიშვნელოვნად დააზიანა. პრობლემის აღმოსაფხვრელად საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზის გამაგრების კომპლექსურ სამუშაოებს ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მეწყრული მონაკვეთის გამაგრება, გზის სავალი ნაწილის აღდგენა და წყალარინების მოწესრიგება. მოეწყობა ხიმინჯოვანი საყრდენი კედელი, სანიაღვრე არხი და ბეტონის ბლოკები, ხოლო გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი. ამ ეტაპზე მიწის სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოების დასრულების შედეგად აღდგება და გამაგრდება მეწყრის შედეგად დაზიანებული მონაკვეთი და უზრუნველყოფილი იქნება ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილება.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 254 269 ლარით ფინანსდება, სამუშაოების დასრულება კი 2027 წლის ზაფხულშია დაგეგმილი.