„სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მთელი პროცესები სოროსის ფონდიდან იმართებოდა, სწორედ გარე ძალები იყვნენ დამფინანსებლები და ორგანიზატორები იმ პროცესების, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ვითარდებოდა, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში." - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.  

"არაერთი გარე ჩარევა გვახსოვს არჩევნების პროცესში და რაც ყველაზე მთავარია, არჩევნების შემდგომ პერიოდში არაერთი მოწოდება გაისმა სხვადასხვა პოლიტიკოსისგან. მათ შორის სამოქალაქო სექტორის ის ნაწილი, რომელიც აქტიურად იყო დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“, სწორედ სოროსის ფონდისგან ხელმძღვანელობდა. სოროსის ფონდი არის ორგანიზატორი და დამფინანსებელი იმ აქციების, რომლებიც გრძელდება.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, არ ვიცი, ვისთვის არის ახლა პრეზიდენტი, მაგრამ ფაქტია, რომ 29 დეკემბერს მას კონსტიტუციური ვადა ამოეწურა, აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი, ის არის საქართველოს ვადაგასული პრეზიდენტი. ამიტომ, მისი გადასაწყვეტია, როგორი სულისკვეთებით გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას, თუმცა არაერთხელ დადასტურებულია, რომ სალომე ზურაბიშვილი მუდმივად იყო კოორდინაციაში რადიკალურ ოპოზიციასთან, ატარებდა მათ პოლიტიკას. ეს დღევანდელმა ბრიფინგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მას უკვე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის რანგში აღარანაირი პრობლემა აღარ აქვს, ითანამშრომლოს რადიკალურ ოპოზიციასთან. მათი გადასაწყვეტია, საბოლოო ჯამში, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობაზე.

ჩვენთვის ამ თვალსაზრისით არაფერი იცვლება. მან პრეზიდენტის რანგში ვერაფერი ავნო ჩვენს ხელისუფლებას და ახლა მით უმეტეს, ვადაგასული პრეზიდენტის რანგში არ მგონია, რაიმე პრობლემები შექმნას. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის რანგში მოახერხა, არაერთხელ დაერღვია საქართველოს კონსტიტუცია, არაერთი პრობლემა შეექმნა ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა ახლა უკვე ვადაგასულ პრეზიდენტს არა მგონია, რამე რესურსი ჰქონდეს, რომ პრობლემები შეუქმნას ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: "მე ვარ პრეზიდენტი და ვიქნები პრეზიდენტი"

შეგახსენებთ, 2024 წლის 14 დეკემბერს ცესკოს სხდომაზე საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დაითვალეს. შედეგების თანახმად, საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია.

სრულად დათვლილი 225 ბიულეტენიდან საარჩევნო კოლეგიის 224-მა წევრმა მხარი დაუჭირა მიხეილ ყაველაშვილს, ხოლო ერთი ბიულეტენი იყო ბათილი. ადა მარშანიამ, რომელიც საარჩევნო კოლეგიაში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კვოტით არის წარმოდგენილი, განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს მხარს არ უჭერს.

ცესკოს სხდომაზე შედგა შემაჯამებელი ოქმი, რომელიც საზოგადოებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა წარუდგინა.

საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართა.