თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე, მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილესთან, ლევან ბაჩიაშვილთან და კომპანია „GWP“-ის წარმომადგენლებთან ერთად, რუსთაველის გამზირსა და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, დედაქალაქის მთავარ გამზირზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, მისივე თქმით, ამავდროულად მთაწმინდის რაიონის გამგეობა ჩართულია ჭავჭავაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებში.
„დღეს ადგილზე გავეცანით მიმდინარე მასშტაბურ სამუშაოებს და მთაწმინდის რაიონის გამგეობის და კომპანია „GWP“-ის წარმომადგენლებთან ერთად, ვიმსჯელეთ, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო დაჩქარდეს სამუშაოების ტემპი, რათა რუსთაველის გამზირისა და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია თანხვედრაში მოვიდეს“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, რომელსაც მთაწმინდის გამგეობა ახორციელებს, 321 მეტრი სიგრძის ქუჩაზე საგზაო და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება, არსებული რიყის ქვაფენილი სამფენიანი ასფალტის საფარით ჩანაცვლდება. ასევე, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარი, დამონტაჟდება ბოძკინტები და მოაჯირები, ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად ადაპტირდება შშმ პირებისთვის. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელის სრულ განახლებასაც მოიცავს.
განახლდება სანიაღვრე ქსელი, წყლისა და წყალარინების სისტემები, გაზის მილები, ასევე, მიწისქვეშ განთავსდება ელექტროგადამცემი ხაზები და დამონტაჟდება ახალი განათების ბოძები LED სანათებით. კომუნიკაციების მოწესრიგების სამუშაოებში კომპანია „GWP“ ჩაერთვება. ქუჩის გასწვრივ მწვანე ნარგავები განთავსდება.