ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით დღეს მმართველი პარტია, პარლამენტში შეხვედრას მართავს.
„ვნახოთ, დღეს ტარდება პირველი შეხვედრა და ალბათ ამ შეხვედრის შემდეგ მექნება უფრო მეტად საშუალება გავაკეთო კომენტარი, სურს თუ არა „ქართულ ოცნებას" იმ მიმართულებით იმოძრაოს, რაც ჭირდება ჩვენს ხალხს და ევროპელ პარტნიორებს. ეს პუნქტები სჭირდება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, დაწყებული დეოლიგარქიზაციიდან, გაგრძელებული სასამართლოს რეფორმით, რადგან ქვეყანაში სადაც არის ოლიგარქი და არ არის სამართლიანი სასამართლო, გამორიცხულია მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შეიქმნას და ღირსეული დასაქმების საშუალება ჰქონდეთ მოქალაქეებს.“ - განაცხადა ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა დავით კირკიტაძემ.
ცნობისთვის, „ევროკავშირის 9 ნაბიჯთან დაკავშირებით მუშაობა ჯერ კიდევ დეკემბერში დაიწყო. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ჩვენ მივყვებით იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ დამტკიცდა. სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კომუნიკაცია იყო ევროკომისიასთან“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.