„მსგავსმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებსაც აქვთ მსგავსი შეხედულებები და ერთნაირი იდელოგია, უნდა შექმნან დიდი კოალიციები და ალბათ, მომავალ არჩევნებში უნდა იყოს სამი-ოთხი, შეიძლება, მეტიც, ვინაიდან არავითარი შანსი არ არსებობს, რომელიმემ ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახოს, გარდა ორი პარტიისა. ახლავე უნდა გააცნობიეროს ყველამ, მათ შორის პოლიტიკურად აქტიურმა ადამიანებმა, რომ დროა, დავიწყოთ დიდი კოალიციური გაერთიანებების შექმნა. „ნაცმოძრაობისკენ“ ვინც მიილტვის, ეს ნიშნავს, რომ მოახდინოს პარაზიტირება „ნაციონალური მოძრაობის“ ხარჯზე."  - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. 

"ჩვენ ვნახეთ, როდესაც 34 დეპუტატი შემოვედით „ნაციონალური მოძრაობის“ სიით და აქედან 20 არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ასე ვთქვათ, მუქთად პარლამენტში შესვლა ვისაც უნდა, კი ბატონო, მიუერთდეს „ნაცმოძრაობას“. „ნაციონალური მოძრაობა“ არის თვითკმაყოფადი ორგანიზაცია. მას არავინ სჭირდება. დანარჩენებმა უნდა იშრომონ, იბრძოლონ, გადალახონ სხვადასხვა შეუთავსებლობები და შეიქმნას დიდი კოალიციები“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, პარტია "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: 

„თუ ვინმე ვერ შეეგუა მარცხს, ამომრჩევლის გადაწყვეტილებას, უკაცრავად, მაგრამ წინა თავმჯდომარის წინააღმდეგ 30 ათასმა ადამიანმა მისცა ხმა. მგონია, რომ ამ მდგომარეობას უნდა შეეგუონ და კონკრეტულ საქმეში მოგვეხმარონ. რაც შეეხება გაკეთებას, სამი თვეა, რაც პარტიის არჩეული თავმჯდომარე ვარ. მაგალითად, ვამაყობ იმით, რომ 50 ლოჯისტიკური ცენტრი გაიხსნა რეგიონებში ამ ხნის განმავლობაში, აბსოლუტურად მოშლილი და მორღვეული იყო. 63 მუნიციპალიტეტში ჩავატარეთ არჩევნები. რეგიონებში თავმჯდომარის არჩევნებში 35 ათასამდე მომხრემ მიიღო მონაწილეობა. პარტია ძლიერდება, ჯანსაღდება. სააკაშვილის თემა გახდა პრიორიტეტი. მელიას კი არ ვეჯიბრები, მე მინდა რუსული პარტიის წასვლა ხელისუფლებიდან, ბიძინა ივანიშვილი არ უნდა იყოს ხელისუფლებაში.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეა, ვერ დამთავრდება. ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დამარცხების მთავარი გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. ეს გასაღები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ. არა ენის მოჩლექით უნდა ველაპარაკოთ ვინმეს, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით ამ გასაღების გადამრავლებაში, რომ 5-7 პროცენტი მიიღონ, რათა ხვალ, ზეგ იყოს კოალიციური მთავრობა".