„ჩვენს უცხოელ კოლეგებს უნდა მივმართოთ, რათა იცოდნენ, რომ ეს არის საქართველოს რიგითი მოქალაქის ვიზიტი, რისი უფლებაც მას ექნება მას შემდეგაც, როცა პრეზიდენტი აღარ იქნება. ანუ მას არც სამართლებრივად და არც პოლიტიკურად არ აქვს უფლება, იქ რაიმე მოლაპარაკებები აწარმოოს“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის ვიზიტი არ არის ნებადართული პარლამენტის მხრიდან, ასე რომ მას არ ექნება ოფიციალური სახე. მისი გასვლა საზღვარგარეთ ჩაითვლება საქართველოს რიგითი მოქალაქის ვიზიტად სხვა ქვეყანაში.
„სანდოობის ხარისხი საქართველოს პრეზიდენტის მიმართ პრაქტიკულად განულებულია. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერაა დანიშნული და ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე, ბუნებრივია, ასეთ ვიზიტებზე ვერ დათანხმდებოდა.
საქართველოს პრეზიდენტმა კარგად იცის, რომ კონსტიტუციის დარღვევა არ შეიძლება და ამას მაინც აკეთებს. ეს ზუსტად ამაზე მიანიშნებს, რომ ის პატივს არ სცემს არც ქართულ საზოგადოებას და არც საქართველოს კონსტიტუციას.
რადგან მან გადაწყვიტა პირადი ვიზიტით წასვლა საზღვარგარეთ, ჩვენს უცხოელ კოლეგებს უნდა მივმართოთ, რათა იცოდნენ, რომ ეს არის საქართველოს რიგითი მოქალაქის ვიზიტი, რისი უფლებაც მას ექნება მას შემდეგაც, როცა პრეზიდენტი აღარ იქნება. ანუ მას არც სამართლებრივად და არც პოლიტიკურად არ აქვს უფლება, იქ რაიმე მოლაპარაკებები აწარმოოს.
ახლა ნამდვილად ვეღარაფერს გააფუჭებს, რადგან იქ იმყოფება, როგორც რიგითი მოქალაქე. მის სიტყვებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ის სხვა ქვეყანაში არ იმყოფება ოფიციალური ვიზიტით.
კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ საქართველოს პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა საქართველოს პარლამენტში. ეს იყო ჩვეულებრივი რადიკალური ოპოზიციის ლიდერის გამოსვლა. ამის შემდეგ კიდევ ეყო ძალები და საქართველოს მთავრობას უთხრა, რომ უნდა გლანძღო უცხოეთში და ქართველი ხალხის გადაწყვეტილების საწინააღმდეგო განცხადებები უნდა გავაკეთო, გამიშვი ვიზიტებზეო. ბუნებრივია, ამაზე თანხმობას ვერ მიიღებდა. ეს იქნება მისი, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქის პირადი ვიზიტი. ამის უფლება მას 1 წლის შემდეგაც ექნება.
საქართველოს პრეზიდენტმა როგორც „პოლარიზაციის სიმბოლო“ გვარამია შეიწყალა ვითომ დეპოლარიზაციის საბაბით და ამაზე ანგარიში არ ჩაუბარებია საზოგადოებისთვის, ისე მიდიოდა კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში სალაპარაკოდ. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს!“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.