ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევის დაფიქსირების გამო, მარტვილის მუნიციპალიტეტში ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა. შესაბამისი განკარგულება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ, სურსათის ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე გამოსცა.

კარანტინი გამოცხადდა ქალაქ მარტვილში, დაავადების კერიდან ათი კილომეტრის რადიუსში. განკარგულების თანახმად, ცოფისთვის საშიშ ბუფერულ ზონაში ჩატარდება ცხოველების ვაქცინაცია, 2-3 კილომეტრის რადიუსით. აცრილი ცხოველის იზოლირება უნდა მოხდეს აცრიდან 60 დღის განმავლობაში. კარანტინის პერიოდში იკრძალება ძაღლების ქუჩაში გაყვანაც.

მოხდება ცოფიანი და დაავადებაზე საეჭვო ცხოველების სადგომებისა და დადორბლილი საგნების დეზინფექცია. განკარგულების შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც ცხოველის მიერ დაკბენილი ან დადორბლილი იყვნენ, აყვანილ იქნენ ანტირაბიულ (პრევენციულ) კონტროლზე. კარანტინი მოიხსნება ცოფით ცხოველის დაავადების უკანასკნელი შემთხვევის დაფიქსირებისა და სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩატარებიდან 60 დღის შემდეგ.

ცნობისთვის, 24 აპრილს მარტვილში მიუსაფარმა ძაღლმა 10 ადამიანი დაკბინა. ყველა მათგანს ჩაუტარდა პრევენციული (ანტირაბიული) მკურნალობა. ძაღლი დაკვირვების მიზნით, გადაყვანილი იყო თავშესაფარში, სადაც ცხოველი მოკვდა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ცხოველის ცოფით დაავადება დადასტურდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა დღეიდან  ვეტერინარული ღონისძიებები დაიწყეს.