ზუგდიდის მერიის ორგანიზებით, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის და საპატიო ზუგდიდელის წოდების მინიჭების საზეიმო ცერემონია და კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, მოადგილეებთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარესთან გიორგი ჯინჭარაძესთან, ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელ ბესიკ ჭეჟიასთან, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
ღონისძიებაში თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრის ბიგ-ბენდი და სოლისტები: მაია ბარათაშვილი, რომა რცხილაძე, მარიკო ებრალიძე, ნესტან ჯიბლაძე, გიორგი სუხიტაშვილი მონაწილეობდნენ. კონცერტში მონაწილეობდა ფოლკლორული ანსამბლი ,,ოდოია“.
საპატიო ზუგდიდელის წოდება მიენიჭათ:
თენგიზ მიქენაიას - ხატმწერს, მოქანდაკეს, ოქრომჭედელს. ქრისტიანობის ერთ-ერთი გამორჩეული სიწმინდის, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის პატიოსანი ნაწნავის ჩასაბრძანებლი ლუსკუმის ავტორს. საერთაშორისო (გერმანია, ქალაქი ზოლინგენი ,,KNIFE SOLINGEN 2024”) და ადგილობრივი (თბილისი, თბილის Knife Show Tbilisi”, ,, Tbilisi Art Knife Expo 2024”) ფესტივალების მონაწილეს. ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ინიციატივით დაჯილდოებულია საპატიო სიგელითა და ღვთისმშობლის კვართის გამოსახულების სამკერდე ნიშნით.
ზამირა ღადუას - ფიზიკოსს, პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიურ დოქტორს, წლების განმავლობაში იმჟამინდელი მე-14 საშუალო სკოლის და ზუგდიდის მერაბ კოსტავას სახელობის N2 საჯარო სკოლის დირექტორს, ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებულ და სრულ პროფესორს, ზუგდიდის რაიონის პირველი მოწვევის საკრებულოს წევრს. საქართველოს პრეზიდენტის ღირსების ორდენების მფლობელს, ზუგდიდის განათლების საბჭოს წევრს, საზოგადოება ,,ზუგდიდელის“ პრეზიდიუმის წევრს, დღემდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილეს. გამოქვეყნებული აქვს 14 სამეცნიერო ნაშრომი, დამხმარე სახელმძღვანელო პედაგოგიკაში, არის ორი წიგნის რეცენზენტი. დაჯილდოებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სიგელებით, იაკობ გოგებაშვილის დიპლომით, ზუგდიდ-ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ინიციატივით დაჯილდოებულია საპატიო სიგელითა და ღვთისმშობლის კვართის გამოსახულების სამკერდე ნიშნით.
ვაჟა ფიფიას - აგრონომს, სასოფლო-სამეურნეო დარგის ლიცენზირებულ ექსპერტს, სხვადასხვა წლებში ზუგდიდის რაიონის სოფ. ჩხორიის კოლმეურნეობის გამგეობის თავმჯდომარეს, ,,ცხოველმრეწვის“ ზუგდიდის რაიონული გაერთიანების თავმჯდომარეს, აგროსამრეწველო სამმართველოს მთავარ აგრონომს, ზუგდიდის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმისა და ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის პედაგოგს. არაერთი სიგელისა და ჯილდოების მფლობელს, ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდის აქტიურ წევრს. დღემდე საზოგადოება „ზუგდიდელის“ პრეზიდიუმის წევრს.
ზაირა გერგედავას - ღვაწლმოსილ ფარმაცევტს, საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის წევრს, ზუგდიდის ფარმაცევტული საზოგადოების თავმჯდომარეს, არაერთი საკავშირო, რესპუბლიკური და ადგილობრივი მნიშვნელობის სიგელებისა და ჯილდოების მფლობელს. პარალელურად ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალისა და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგს.
ვალერ ბარაბაშს - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრის“ თანამშრომელს, სუფთა ქალაქის სადარაჯოზე მდგარ ადამიანს, მოწინავე მეეზოვეს, კეთილსინდისიერი 45- წლიანი შრომისთვის წამახალისებელი ჯილდოების მფლობელს.
ზუგდიდის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ:
თენგიზ ხარებავას - „მეღვინეობა ხარება“ და საქველმოქმედო ფონდი ხარებას“ დამფუძნებელს. ზუგდიდის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის, ყვარლის, თერჯოლისა და კობის ტაძრების აღმშენებელსა და ქტიტორს, წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ეკლესიის რესტავრატორს.
თენგიზ ხარებავას ინიციატივით და დაფინანსებით მოხდა შუა საუკუნეების ძეგლის, ოცინდალეს წმ.გიორგის მამათა მონასტრის სრული რეაბილიტაცია. მისივე ინიციატივით და დაფინასებით დაფუძნდა ქართული მთის რუხი ფუტკრის სტაციონარული ჯიშსაშენი ხობისწყლის ხეობის ლეუკუნეს მიკროზონაში. მეღვინეობა ხარებას“ ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნების მიზნით, გაშენებული აქვს ე.წ. საკოლექციო ნაკვეთები, რომელიც 300-ზე მეტ ენდემურ ქართულ ვაზის ჯიშს აერთიანებს.
თეგიზ ხარებავა გახლდათ „ყილოშტყებამის“ ახალი, უნიკალური გამოცემის ინიციატორი და სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს ხელმძღვანელი, სულმანთი ალიო ქობალიას „ქართულ-მეგრული ლექსიკონის“, ივანე ჯავახიშვილის მეღვინეობა-მევენახეობის, გიორგი კალანდიას ექვსტომეულის „სამეგრელოსა“ და კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი წიგნის გამომცემელი. აღსანიშნავია, რომ თენგიზ ხარებას დიდი წვლილი მიუძღვის ზუგდიდში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში და ამ მიმართულებით დასაქმებული ჰყავს უამრავი ადამიანი, ასევე, ის გახლავთ არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი კონფერენციის ინიციატორი და მხარდამჭერი.
ალექსანდრე შენგელაიას - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორს, ციურიხის უნივერსიტეტის (შვეიცარია) ფიზიკის ინსტიტუტის პროფესორს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს.
ნუგზარ უბერს - სახელგანთქმული უბერების დინასტიის წარმომადგენელს, პროფესორს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს პედიატრთა აკადემიის წევრს, საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის წევრს, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის წევრს, ევროპის პედიატრ-ინფექციონისტთა საზოგადოების წევრს, ევროპის ალერგოლოგთა და კლინიკური იმუნოლოგიის საზოგადოების წევრს, საქართველოს პედიატრიული ასოციაციის გენერალურ მდივანს, ორასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და ორი მონოგრაფიის ავტორს, თბილისის საპატიო მოქალაქეს, ღირსების ორდენის კავალერის და სხვადასხვა ჯილდოების მფლობელს.
გიორგი კალანდიას - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორს, ,,დადიანების სასახლეთა გადარჩენის ფონდის“ თავმჯდომარეს, საქართველოს სამუზეუმო ასოციაციის დამფუძნებელს, მსოფლიო მუზეუმთა გაერთიანების წევრს, ათეულობით წიგნისა და სამეცნიერო ექსპედიციების ფარგლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმების ავტორს, ღირსების მედლის მფლობელს, რუსთაველის სახელობის სტიპენდიატს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრემიისა და სიგელის, ევროპის კულტურული მემკვიდრეობის უმაღლესი ჯილდო „ევროპა ნოსტრას“, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის საპატიო სიგელისა და სხვადასხვა ჯილდოების მფლობელს.
გულადი ფეტელავას იგივე გური ოტობაიას - ჟურნალისტს, მწერალს, პუბლიცისტს. არაერთი სალექსო კრებულის, მათ შორის სახელოვანი „გვიმარას“, რომანისა და დოკუმენტური პროზის ავტორს. საგამომცემლო ფირმის ,,ოდაბადე“ (სერია: ,,ნობელის პრემიის ლაურეატები“) თავმჯდომარეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო გაზეთის ,,ენგური“ რედაქტორს. დღემდე ჟურნალის ,,კირბი“ (ოქროს საწმისი) მთავარ რედაქტორს, საქველმოქმედო ფონდის ,,პალადიუმი“ დამფუძნებელ-დირექტორს. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელის, საქართველოს მწერალთა კავშირის ტერენტი გრანელის სახელობის და საქართველოს მწერალთა კავშირის ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის პრემიების ავტორს.