სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს სახალხო დამცველი აკვირდება პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას, რომელიც საკმაოდ დიდ ტერიატორიაზეა გაშლილი.


ამ დროისთვის (22:25სთ) სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა ჩიტაძის ქუჩის მხრიდან საქართველოს პარლამენტის შენობის ჭიშკართან, სადაც აქციის მონაწილეთა ნაწილი ცდილობდა ჭიშკარის მთლიანობის დაზიანებას. საქართველოს სახალხო დამცველი განმარტავს, რომ მართალია შეკრების თავისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი შეკრების ადგილმდებარეობის არჩევის თავისუფლებაა, რასაც განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ადგილი/დაწესებულება პროტესტის ობიექტია ან კონკრეტულ ლოკაციაზე შეხედულებების გამოხატვა ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა პროტესტის ადრესატამდე მისაღწევად, თუმცა ამ ეტაპზე პარლამენტის შენობაში შეწყვეტილია საკანონმდებლო პროცესი და მნიშვნელოვანია აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები არ გაცდნენ საქართველოს კონსტიტუციით დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს.


სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ შეახსენებს ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, რა დროსაც ხელისუფლების მხრიდან შეკრების შეწყვეტა უკანასკნელ საშუალებად უნდა იქნეს გამოყენებული, ხოლო აღნიშნულის ფარგლებში ძალის გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს." - ნათქვამია სახალხო დამცველის გავრცელებულ განცხადებაში.