სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება

"2022 წლის 29 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა, გამომდინარე იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან რომლითაც სახელმწიფო პატიმრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეკიდება, მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც არ ითვალისწინებდა მკურნალი ექიმების რეკომენდაციებს, შესთავაზა, მისი მკურნალობის პროცესში ჩართვის მიზნით, მოეწვია ნებისმიერი უცხოელი ექიმი, ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან.


2023 წლის 20 მარტს, თითქმის 4 თვის შემდეგ, სამსახურს მომართა მსჯავრდადებულის დედამ განცხადებით, რაც ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს. განმცხადებელს არაერთგზის, წერილობითი და ზეპირი ფორმით, განემარტა, რომ ექიმებს უნდა ჰქონოდათ საქართველოში დროებითი საექიმო საქმიანობის განხორციელების უფლება და, ასევე, დაცული უნდა ყოფილიყო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. მიუხედავად ამისა, საზოგადოებას მიეწოდებოდა არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ, თითქოს, მსჯავრდადებულთან არ უშვებდნენ პოლონელ ექიმებს.
იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებიდან 7 თვის შემდეგ, 2023 წლის 5 ივლისს მსჯავრდადებულის ადვოკატმა შესაბამისი ფორმით, წარმოადგინა მომართვა მსჯავრდადებულ სააკაშვილთან კლინიკა ვივა-მედში პოლონელი ექიმების შეშვებასთან დაკავშირებით. 12 ივლისს მათ მიერ დასახელებულ ექიმებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ მოენახულებინათ მსჯავრდადებული, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა უწყების ერთგულება გაცემული დაპირებისადმი.
ამასთან, 3 ივლისის იმავე ადვოკატის მიერ წარმოდგენილ წერილში მითითებული იყო, რომ მოცემული ინფორმაცია იყო კონფიდენციალური. თუმცა, მოგვიანებით, საზოგადოებამ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მეშვეობით, პრაქტიკულად, პირდაპირ ეთერში იხილა ექიმების საავადმყოფოში შესვლის პროცესი, რასაც მიეძღვნა პოლიტიკური გადაცემები და იმთავითვე თავად დაარღვიეს კონფიდენციალურობა.

ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს. კერძოდ, მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება მათ მისცა თავად სამსახურმა, შესაბამისად, აღნიშნული ქმედება ექიმის მხრიდან სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად ჰმატებს ბუნდოვანებას. ამ პიროვნებას ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, რომელიც ვერ ექვემდებარება ლოგიკურ ახსნას.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ აღნიშნული ინციდენტის ამსახველ კადრებს და მოვუწოდებთ ყველას, რომ თავი შეიკავონ პროვოკაციული და კანონმდებლობასთან შეუთავსებლობაში მყოფი ქმედებებისგან." - ნათაქვამია გავრცელებულ განცხადებაში.