საფრანგეთის ქალაქ კარკასონის მერმა, „ეროვნული გაერთიანების“ (RN) წევრმა კრისტოფ ბარტესმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ ასხამს იგი წყალს მერიის შენობის წინ შეკრებილ პროფკავშირების წარმომადგენლებს და მათ „გიჟების ბრბოს“ უწოდებს. 

ინციდენტმა ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური რეაქცია გამოიწვია.
„ცოტა სიგრილე არ გაწყენთ... გიჟების ბრბოო“, - მიმართავს ვიდეოში მერი მომიტინგეებს და ამატებს, რომ „სიცხეები დასრულდა“.

დაპირისპირება მარტში არჩეულ მერსა და ადგილობრივ პროფკავშირებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც კრისტოფ ბარტესმა მათი მუნიციპალური შენობიდან გამოსახლება გადაწყვიტა. აღნიშნული ნაგებობა მერიის საკუთრებაა და პროფკავშირების განკარგულებაში უფასოდ, უკვე 89 წელია, რაც გადაცემულია. 

სწორედ ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ შენობის წინ შეკრებილი აქტივისტები.
ოპოზიციამ და უფლებადამცველებმა მერის ეს ქმედება მკაცრად დაგმეს და მას თანამდებობის პირისთვის შეუფერებელი და ავტორიტარული უწოდეს, თავად ბარტესი კი მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ „იუმორისტული“ პასუხი იყო აქციის მონაწილეთა ხმაურზე.