„ქართული ოცნება“ საუბრობს საკუთარ სურვილებზე და საკუთარ რიცხვებზე, ქართველ ხალხს აქვს სხვა სურვილები და სხვა რიცხვები.“ - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა, ნიკა ობოლაძემ განაცხადა

„ქართული ოცნება“ საუბრობს საკუთარ სურვილებზე და საკუთარ რიცხვებზე, ქართველ ხალხს აქვს სხვა სურვილები და სხვა რიცხვები.

ხელისუფლება საუბრობს საკუთარ სურვილებზე და საკუთარ რიცხვებზე. მათ სურთ ხელისუფლების შენარჩუნება ყველა გზით, რადგან კვლავ ჰქონდეთ დრო, ქართველი ხალხის ძარცვისთვის და მათთვის ნორმალური ცხოვრების შანსის მოპარვისთვის. ოცნებას მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობის მიზნები ამოძრავებს, მხოლოდ ის  უნდათ რომ მათმა შვილებმა ჩარტერით იფრინონ და არ ადარდებთ სხვისი შვილები, რომლებიც საცობში გაჩერებულ, გადაჭედილ ავტობუსებში ატარებენ დროის დიდ ნაწილს.

საქართველოს მოქალაქეებს აქვთ სხვა სურვილები და სხვა რიცხვები. ქართველ ხალხს სურს აქ, ამ მიწაზე, საქართველოში ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა, სურთ რომ არ უწევდეთ ქვეყნის დატოვება მინიმალური ანაზღაურების საძიებლად, სურთ რომ ცხოვრობდნენ საკუთარ სამშობლოში და ჰქონდეთ ნორმალური სამსახური, იყოს სტაბილური ფასები და გააჩნდეთ მომავლის პერსპექტივა.

რეალურად, ადამიანების 80 %-ს სურს ცვლილებები, სურს ჰყავდეს ხელისუფლება რომელიც კი არ იპარავს, არამედ ემსახურება მათ, სურს ევროკავშირში ინტეგრაცია რადგან საქართველოში, ნორმალური საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად, ყველაზე მოკლე გზა ევროკავშირზე გადის.

ქართველი ხალხის სურვილებს კი ეწინააღმდეგება ოცნება, ამიტომ, 2024 წელი იქნება ცვლილებების წელი, ახალ საარჩევნო ვადაში საქართველოს ეყოლება ხელისუფლება რომლის მთავარი საზრუნავი იქნება ხალხის უკეთესი ცხოვრება, რომელიც დაჩქარებულად შეიყვანს ქვეყანას ევროკავშირში, მოიზიდავს ინვესტიციებს, აღმოფხვრის ტოტალურ კორუფციას, გააჩენს მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და ბუნებრივად შეაჩერებს მასობრივ ემიგრაციას.“ - განაცხადა ნიკა ობოლაძემ